მაია ბითაძე - კანონპროექტი მოაწესრიგებს შინაურ ცხოველთა პოპულაციის მართვის საკითხებს, მცირე ჯარიმა ვერ არის შემაკავებელი ფაქტორი მეპატრონისთვის, ძაღლი ატარონ ალიკაპით ან საბელით
საქართველოს პარლამენტში მუშავდება ახალი კანონპროექტი, რომელიც მთლიანად მოაწესრიგებს შინაურ ბინადარ ცხოველთა პოპულაციის მართვის საკითხებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ კანონპროექტის მიღებას გარკვეული დრო სჭირდება, იქამდე საქართველოს პარლამენტის ინიციატივით აინიცირებენ კანონპროექტს, რომლითაც ცვლილება შედის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში.
როგორც ბითაძემ აღნიშნა, საკითხი ეხება შინაური ცხოველების პარკში და ღია სივრცეში სეირნობის საკითხებს.
„ძალიან იმრავლა ძაღლების სეირნობამ საბელების ან ალიკაპის გარეშე, რასაც ხშირად მოჰყვება პრობლემები როგორც ძაღლების ჩხუბში, ასევე პატრონიანი ძაღლების მხრიდან, მოქალაქეების დაკბენებთან მიმართებით. მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი უწყებები აკონტროლებენ ამ საკითხს, ვფიქრობთ, რომ ჯარიმა იმდენად მცირეა, მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულია 20 ლარის ოდენობით, რომ ეს ვერ არის შემაკავებელი ფაქტორი მეპატრონეებისთვის, რათა ძაღლი ატარონ და ასეირნონ ალიკაპით ან საბელით. მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულია ორი პირობა, რომ შინაური ბინადარი, ცხოველი სასეირნოდ უნდა გავიყვანოთ ან ალიკაპით, ან საბელით. ძალიან ხშირია, პრაქტიკულად 80 პროცენტიანი მაჩვენებელია, რომ ამ პირობების დაცვა არ ხდება. ძალიან მოხშირდა მომართვა შესაბამისი უწყებების მიმართ, ასევე პარლამენტის მიმართ, რომ აღნიშნული საკითხი გადაწყდეს იქამდე, ვიდრე ახალი კანონი იქნება დამტკიცებული საქართველოს პარლამენტის მიერ.
ამიტომ ცვლილებით, რომლის დაინიცირებას დღევანდელ ბიუროზე ვგეგმავთ, შემოთავაზებულია მოქმედი ჯარიმის, 20 ლარის ზრდა 150 ლარამდე, რაც, ვფიქრობთ, იქნება შემაკავებელი ეფექტის მქონე“,- განაცხადა ბითაძემ.
ამასთან, მისივე თქმით, განსაზღვრულია, რომ თუ იგივე პიროვნება იმავე ქმედებას ერთი წლის განმავლობაში განმეორებით ჩაიდენს, ჯარიმა განსაზღვრული იქნება 300 ლარის ოდენობით.
ძაღლის ღია სივრცეში – ბულვარში, პარკებსა და სკვერებში საბელის ან ალიკაპის გარეშე გაყვანაზე ჯარიმები იზრდება. შესაბამისი ცვლილებები საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა მოამზადეს.
პარლამენტში საკითხის მეორე მოსმენით განხილვის დროს დაზუსტდება იმ ძაღლების ჯიში, რომლებიც მეპატრონეებმა საბელით ან ალიკაპით უნდა ატარონ.