მაია ბითაძე - მუხათწყაროსთან 110 ძირი ხე აბსოლუტურად უკანონოდ მოიჭრა
მუხათწყაროსთან 110 ძირი ხის მოჭრა აბსოლუტურად უკანონო იყო და არანაირი კავშირი არ ჰქონდა ელექტროგადამცემი ხაზების უსაფრთხო ფუნქციონირებასთან, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ განაცხადა.
მისი თქმით, გუშინ გამოვლენილ ფაქტზე ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს.
„მიმდინარეობს შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოება. სავარაუდოდ საქმე შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს, რადგანაც, როგორც იცით, უკანონოდ იქნა გაჩეხილი 110 ძირი ჯანსაღი ხე. შესაბამისად, გარემოს დაცვის სამინისტრომ მოახდინა რეაგირება და მასალები გადაიგზავნება შესაბამის ორგანოებში“, – აღნიშნა მაია ბითაძემ.
თბილისის მერის მოადგილის თქმით, ელექტროგადამცემი ხაზების ქვეშ, გარკვეულ სანიტარულ ზონაში ხეების ჭრა მსოფლიო სტანდარტია, თუმცა გუშინ დაფიქსირებული ფაქტი უკანონო იყო და სანიტარულ ჭრასთან კავშირი არ ჰქონდა.
„რაც შეეხება ზოგადად, ელექტროგადამცემ ხაზებსა და მათი უსაფრთხო ფუნქციონირების საკითხს, როგორც მოქმედი კანონმდებლობით, ასევე ყველა საერთაშორისო სტანდარტით, ელექტროგადამცემი ხაზის ქვემოთ და მიმდებარე ტერიტორიაზე, გარკვეულ სანიტარულ ზონაში არ უნდა იყოს ნარგავები, რადგან ნარგავებმა ხელი არ უნდა შეუშალოს ამ ხაზების უსაფრთხო ფუნქციონირებას. შესაბამისად, ელექტროგადამცემი ხაზების ქვემოთ სანიტარული ჭრები მიმდინარეობს მთელი საქართველოს მასშტაბით. იმისთვის, რომ არ მოხდეს გათიშვები და ასეთი შემთხვევები ჩვენ გვქონდა აჭარაში ძალიან მძიმე, ეს არის, საერთაშორისო სტანდარტი. უნდა მოხდეს უსაფრთხო ფუნქციონირება და ამისთვის ელექტროგადამცემი ხაზების ქვემოთ არ შეიძლება არსებობდეს არც ნაგებობები და არც სხვა მცენარეული წარმონაქმნები. თუმცა ფაქტი, რომელიც გუშინ დაფიქსირდა – გაიჩეხა 110 ძირი ფიჭვი და კიდევ სხვა ჯიშის მეორეხარისხოვანი ხეები, იყო აბსოლუტურად უკანონო. არანაირი კავშირი არ ჰქონდა ელექტროგადამცემი ხაზების უსაფრთხო ფუნქციონირებასთან“, – განაცხადა მაია ბითაძემ.
თბილისის მერის მოადგილის თქმით, საქმე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები სამართალდამცველ ორგანოებშია გადაგზავნილი.
„სახელმწიფო ორგანოებმა, სამინისტრომ ამ შემთხვევაში, რადგან მისი ქვემდებარე იყო, მოახდინა მყისიერი რეაგირება. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ შემთხვევაში მოხდა გაურკვეველი ჩეხვა იმ ადგილას, სადაც საერთოდ არ უნდა მომხდარიყო ჭრა“, – განაცხადა მაია ბითაძემ.
შეგახსენებთ, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მუხათწყაროს მიმდებარედ, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევით ხე-ტყის ჭრის ფაქტი გუშინ გამოავლინეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ კონტრაქტორმა კომპანიამ, შპს „ბათუმის ბიზნეს აკადემიამ“ 110 ძირი ხე მოჭრა.