მაია ბითაძე - ოპოზიცია ებრძვის ამ ქვეყნის ევროინტეგრაციას, მიუღებელია ყველა მავნე საქმიანობა, რომელიც შეიძლება, ქვეყნის ბედს ეხებოდეს
ოპოზიციაში რა ხდება, უკვე ვეღარ გავიგე – ვის ვინ არ მოსწონს და ვინ სად გადადის. ფაქტია, ოპოზიცია ებრძვის ამ ქვეყნის ევროინტეგრაციას, – ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მიუღებელია ყველანაირი მავნე საქმიანობა, რომელიც შეიძლება, საქართველოს ბედს ეხებოდეს.
„დავით კეზერაშვილის განცხადებები არ მაინტერესებს, თუმცა მაინტერესებს საქმიანობა, რომლითაც ის ცდილობს, ზიანი მიაყენოს საქართველოს და ხელისუფლებაში დაბრუნდნენ ისინი, ვინც მას აწყობს. ყველა მავნე საქმიანობა, რომელიც შეიძლება, ჩვენი ქვეყნის ბედს ეხებოდეს, ჩემთვის მიუღებელია. კარგად მახსოვს ის დრო, როცა საუბარი იყო არათუ ევროინტეგრაციაზე, არამედ უარი იყო ნათქვამი ამ ქვეყანაში როგორც კანონის უზენაესობაზე, ასევე ევროპულ სტანდარტებზე“, – განაცხადა მაია ბითაძემ.
საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით კეზერაშვილმა ერთ-ერთი მედიის ეთერში განაცხადა: „ცოტა ადამიანია, ვინც ეხმარება პროდასავლურ ფლანგს. მე ვარ ერთ-ერთი და ვაპირებ, გავაგრძელო ბრძოლა ბოლომდე. არიან სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტები, სამოქალაქო საზოგადოების სუბიექტებიც, რომლებსაც ხშირად სჭირდებათ დახმარება, ასეთი სურვილი თუ არსებობს იქითა მხრიდან, თავს ვალდებულად ვთვლი, რომ ეს გავაკეთო. პრინციპი არის ორი: უნდა იყოს აუცილებლად პროდასავლური, მეორე – უნდა იყოს სურვილი იქითა მხრიდან, რადგან მე არ დავდივარ და არ ვეძებ ადამიანებს, პარტნიორებს საქართველოში, ვისაც ვეხვეწები, რომ მოდით, მინდა, რაღაცით მოგეხმაროთ“.