მინდა, საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ, რომელიც დაინიცირდა საქართველოს პარლამენტში და მიმდინარე თვის ბოლოს უკვე იწყება შინაურ ბინადარ ცხოველთა კანონპროექტის განხილვა, კანონპროექტი, რომელსაც ასე ძალიან ველოდებოდით, სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს გადაწყდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, მაია ბითაძემ განაცხადა.
მისი თქმით, კანონპროექტზე საკმაოდ დიდხანს იმუშავა გარემოს დაცვის კომიტეტმა, მათ შორის დედაქალაქის მერიასა და დაინტერესებულ პირებთან ერთად.
„ეს არის ძალიან კომპლექსური კანონპროექტი, რომლის მთავარი მიზანი იქნება შინაური ცხოველის, ძაღლისა და კატის მიკვლევადობის ერთიანი სისტემის ჩამოყალიბება. ჩვენ ასევე ვიმუშავეთ სურსათისა და სოფლის მეურნეობის გაერო-ს ორგანიზაციასთან, FAO-სთან, რომელმაც სპეციალურად ამ კანონისთვის შეიმუშავა პროგრამა, სადაც ეტაპობრივად დაიწყება პატრონიანი ცხოველების რეგისტრაცია, ისევე, როგორც მიუსაფარ ძაღლთა მასშტაბური აღრიცხვა. კანონპროექტის მთავარი მიზანი ასევე არის, რომ ხელი შევუწყოთ, მათ შორის, ცნობიერების ამაღლებას და იმ ძალიან მავნე პრაქტიკის აღმოფხვრას, რასაც ძაღლების ქუჩაში გაყრა და შემდგომ გამრავლება ჰქვია“, – განაცხადა ბითაძემ.
მაია ბითაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოში მუშაობს სტერილიზაცია-კასტრაციის მასშტაბური პროგრამა, ის უნდა გაძლიერდეს ამ კანონპროექტის თანახმად.
„ეტაპობრივად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 80 მლნ ლარზე მეტი უნდა იქნეს გამოყოფილი ყველა მუნიციპალიტეტისთვის. ქუჩაში გაგდებული და უკონტროლოდ გამრავლებული ძაღლების რაოდენობა მნიშვნელოვნად ასწრებს სტერილიზაცია-კასტრაციის პროგრამას, შესაბამისად, კანონის მიხედვით, რომლის რეგისტრაციაზე ვალდებულება დასრულდება 2025 წლის პირველ ივლისს, როგორც მიმკედლებლები, ასევე მეპატრონეები ვალდებულები იქნებიან, რომ დაარეგისტრირონ საკუთარი ცხოველი. ამ ვადის შემდგომ ყველა ის დაწესებულება, სადაც ძაღლი მოხვდება ცხოვრების ციკლის განმავლობაში, იქნება ვეტერინარული კლინიკა, საშენი, სასტუმრო, თავშესაფარი თუ ა.შ. ვალდებული იქნება, გადაამოწმოს ძაღლის რეგისტრაცია, რაც გააადვილებს შემდგომ იმ ადამიანის მიკვლევას, რომელმაც ძაღლი ქუჩაში გააგდო. ასევე, ძალიან მკაცრად გაკონტროლდება ძაღლების გამრავლება. როგორც დღეს არის, რომ ძაღლის გამრავლების უფლება აქვს ყველას, ასე აღარ იქნება. ჩვენ მეპატრონეები უნდა შევეჩვიოთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ არ ვაპირებთ ლეგალურად ძაღლის გამრავლებას ისე, რომ მოხდეს ლეკვების ან კნუტების რეგისტრაცია, უნდა გავუკეთოთ ჩვენს ცხოველს სტერილიზაცია-კასტრაცია“, – განაცხადა დეპუტატმა.
„ქართული ოცნების“ წევრი მაია ბითაძე აცხადებს, რომ კანონში ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები შედის, მათ შორის იმისთვის, რომ ცხოველის მიკედლება და თავშესაფრიდან აყვანა წახალისდეს.
„გარდამავალ პერიოდში, ვიდრე ჩვენ ქუჩაში ძალიან დიდი ნამატი გვაქვს უკონტროლოდ გამრავლებული ძაღლებისა, დგინდება გარკვეული შეზღუდვა. მხოლოდ და მხოლოდ მრავალბინიან კორპუსში ბინაში ძაღლის რაოდენობასთან დაკავშირებით 2025 წლის პირველი ივლისიდან, მას შემდგომ, რაც რეგისტრაციის პროცესი დასრულდება, საკუთრებაში აიკრძალება სამზე მეტი ძაღლის ყოლა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი აიყვანს თავშესაფრიდან ცხოველს ან მიიკედლებს ცხოველს, ამ შემთხვევაში ეს შეზღუდვა მათთვის აღარ იარსებებს. გვაქვს ასევე გარკვეული დახმარების მექანიზმები, მათ შორის მიმკედლებლებისთვის, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო იქნება ვალდებული, გარკვეული პერიოდი, რომ სტერილიზაცია-კასტრაციის და ასევე ცოფზე ვაქცინაციის პროგრამა სახელმწიფომ გააგრძელოს. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ამ კანონით შეიქმნას სამართლებრივი საფუძვლები, მათ შორის ჰუმანური სამართლებრივი საფუძვლები ჩვენს ქვეყანაში, რათა პრობლემა, რომელიც ქუჩაში გაგდებულ და უკონტროლოდ გამრავლებულ ძაღლებთან მიმართებით, წლებია, ამ სახელმწიფოში არსებობს, ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდეს“, – განაცხადა მაია ბითაძემ.
ამასთან, დეპუტატი კანონპროექტის დამატებით დეტალებზე საუბრობს და აცხადებს, რომ, მოქმედი კანონმდებლობით, ცხოველის ალიკაპის ან საბელის გარეშე ტრანსპორტირება იკრძალება, ახალი ინიციატივით კი შეზღუდვა რჩება მხოლოდ მოკლე საბელამდე, ხოლო მცირე ზომის ცხოველის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ჩანთით ან მოკლე ძაღლის ტრანსპორტირების საშუალებით.
„კანონპროექტზე მუშაობისას ჩვენ ძალიან აქტიურად ვიმუშავეთ სხვადასხვა დაინტერესებულ პირთან. მისი აღმასრულებელი იქნება თითოეული მუნიციპალიტეტი და ასევე, სურსათის ეროვნული სააგენტო, რომელიც დღესაც გარკვეულწილად არეგულირებს სფეროს. კანონის მიხედვით, ერთიან სისტემაში მოექცევა ყველა ის სუბიექტი, რომელიც ურთიერთობს ცხოველთან. წახალისდება სხვადასხვა სატრენინგო პროგრამები, რომლებიც პატრონს მისცემს გარკვეულ უნარ-ჩვევებს. მათ შორის, კანონპროექტში ასევე განსაზღვრულია მომეტებული ჯიშის ძაღლების ჩამონათვალი. ამასთანავე, ხაზს გავუსვამ, რომ არსად მსოფლიოში არ არსებობს სრული და ერთიანი ჩამონათვალი მომეტებული ჯიშის ძაღლების, თუმცა ჩვენ ეტაპობრივად, ამ კანონპროექტის თანახმად, გვექნება საშუალება, მთავრობამ, სხვადასხვა ექსპერტთან ერთად, იქიდან გამომდინარე, რომ შეიძლება დიდი იყოს ნამრავლი ამა თუ იმ ცხოველის, გარკვეული შეზღუდვა გამრავლებასთან დაკავშირებით, ამ კუთხითაც შემოიღოს სამომავლოდ. თუმცა, ეს არამც და არამც არ შეეხება ისეთი ჯიშის ძაღლებს, რომლებიც ე.წ. ქართული ენდემური ჯიშის ძაღლები არიან. მთავარია, რომ მუნიციპალიტეტებს ექნებათ საშუალება, რომ მიიღონ შესაბამისი თანხები“, – განაცხადა ბითაძემ.