მაია ბითაძე - იმედი მაქვს, მოსახლეობა გაგებით მოეკიდება შინაურ ცხოველთა შესახებ კანონპროექტის მთავარ შინაარსს, რომ მკაცრად დაისაჯოს ყველა, ვინც არაადამიანურად მოეპყრობა ცხოველს
მაია ბითაძე - იმედი მაქვს, მოსახლეობა გაგებით მოეკიდება შინაურ ცხოველთა შესახებ კანონპროექტის მთავარ შინაარსს, რომ მკაცრად დაისაჯოს ყველა, ვინც არაადამიანურად მოეპყრობა ცხოველს

იმედი მაქვს, მოსახლეობა გაგებით მოეკიდება შინაურ ცხოველთა შესახებ კანონპროექტის მთავარ შინაარსს, რომ მკაცრად დაისაჯოს ყველა, ვინც არაადამიანურად მოეპყრობა ცხოველს, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოს მოსახლეობა გაგებით და სწორად მოეკიდება ამ კანონპროექტის მთავარ შინაარსს, რომ მკაცრად დაისაჯოს ყველა ის ადამიანი, რომელიც იყიდის და შემდგომ ქუჩაში გააგდებს ძაღლს. მკაცრად დაისაჯოს ყველა ის ადამიანი, რომელიც სასტიკად და არაადამიანურად მოეპყრობა ცხოველს და უკონტროლოდ გაამრავლებს. ეს არის ჩვენი ხალხის მთავარი მოთხოვნა, რომელსაც, ვფიქრობ, წარმატებით შევასრულებთ“, – აღნიშნა მაია ბითაძემ.

მაია ბითაძემ ოპოზიციონერ კოლეგებსა და კანონპროექტის შემუშავების პროცესში მონაწილე ყველა პირს მადლობა გადაუხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამაში ერთ-ერთ საკითხად სწორედ ამ მიმართულების დარეგულირება შედიოდა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ვეტერინარულ დაწესებულებას, ყველა იმ კინოლოგს, ცხოველთა მოყვარულს, რომელთა მთავარი მიზანია, რომ ამ ქვეყანაში სამომავლოდ აღარ გვყავდეს ქუჩაში გაგდებული ძაღლები და ამ ქვეყანაში სამომავლოდ აღარ იყოს უკონტროლოდ მოშენებული ძაღლები და კატები“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.