მაია ბითაძე - ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვების ქსელი საქართველოში გაუქმებული იყო და მისი აღდგენა 2013 წლიდან დაიწყო
ძალიან დრამატული მოვლენები ვითარდება მთელ მსოფლიოში და არც საქართველოა გამონაკლისი. 2016 წელს მთელი მსოფლიო შეთანხმდა კლიმატის ცვლილების არსებობაზე. მომდევნო 100 წლის განმავლობაში 1,5 გრადუსით დათბება, რაც ნიშნავს, რომ ყოველდღიურად უნდა ველოდოთ კლიმატური პირობების გაუარესებას, – განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით შინაგან საქმეთა მინისტრის მოსმენის შემდეგ.
მაია ბითაძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოში ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვების მნიშვნელობაზე კლიმატის ცვლილებების ფონზე.
„ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვების ქსელი საქართველოში გაუქმებული იყო და მისი აღდგენა 2013 წლიდან დაიწყო. აღდგენას წინ უძღოდა ძალიან დიდი კვლევები, რომლის შედეგადაც იდენტიფიცირებულია ყველა ღვარცოფული მდინარე, იდენტიფიცირებულია 50 000 მოწყვლადი ტერიტორია. მომზადებულია ზონირების რუკები. ეს ნიშნავს, რომ გამკაცრებულია სტანდარტები, მაგრამ ჩვენს ოპოზიციონერ კოლეგებს ამის გაგება არ უნდათ. უწყვეტი მონიტორინგია აუცილებელი, რათა გაიგო მყინვარების დნობა. ამასთან, მყინვარები 100 წლის განმავლობაში მართლაც შემცირდა 30%-ით. მაგრამ უწყვეტი მონიტორინგის სისტემა ეფექტური იმ შემთხვევაში იქნებოდა, თუ იმ 10 წლის განმავლობაში, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში იყო, არ გააუქმებდა და მოსპობდა მონიტორინგის ქსელს, არ დაკარგავდა მონაცემებსა თუ კვალიფიციურ კადრებს“, – განაცხადა მაია ბითაძემ.
მისი თქმით, უცხოელმა ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ მსგავსი ტიპის ბუნებრივი კატაკლიზმების პროგნოზირება შეუძლებელია.
„თქვენ გქონდათ შეკრება რამდენიმე დღის წინ, რომელშიც მონაწილეობდნენ უცხოელი ექსპერტებიც. მათ დაგიდასტურეს, რომ ამგვარი კატაკლიზმის პროგნოზირება მსოფლიოში არის შეუძლებელი. ჩვენ დაახლოებით 70%-ით გვაქვს აღდგენილი დაკვირვების ქსელი, რაც იმას ნიშნავს, რომ ვამუშავებთ მონაცემებს. პროექტის დასრულების შემდეგ გვექნება ბევრად უფრო განახლებული და პროგნოზირებადი სისტემა, მაგრამ თქვენ ამის მოსმენა არ გინდათ. სამაგიეროდ, საუბრობთ იმაზე, რომ თითქოს მივიღეთ მესიჯები და ვიცოდით, რომ სადღაც ღვარცოფი მოხდებოდა. ამის თაობაზე ინფორმაცია გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე ყოველდღიურად იდება. უბრალოდ, წარმოდგენა არ გაქვთ, რაზე ლაპარაკობთ“, – განაცხადა მაია ბითაძემ ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებების საპასუხოდ.