მაია ბითაძე - გვაქვს შეთანხმება, რომ იპოდრომის ტერიტორია, მუნიციპალიტეტს გადმოეცემა კერძო მესაკუთრის მხრიდან
წინასწარ გვაქვს შეთანხმება, რომ იპოდრომის ტერიტორია, სადაც ახლა გზა არის, მუნიციპალიტეტს გადმოეცემა კერძო მესაკუთრის მხრიდან, – ეს განცხადება თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ ჟურნალისტებს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ცინცაძე-კარტოზიას დამაკავშირებელი ესტაკადის მშენებლობის საკითხზე ოპოზიციის განცხადებების საპასუხოდ გააკეთა.
როგორც მაია ბითაძემ აღნიშნა, იპოდრომის ტერიტორია, სადაც ახლა გზა არის, ეს არის საჯარო ტერიტორია.
“წინასწარ გვაქვს შეთანხმება, რომ იპოდრომის ტერიტორია, სადაც ახლა გზა არის, მუნიციპალიტეტს გადმოეცემა კერძო მესაკუთრის მხრიდან. ეს არის საჯარო ტერიტორია თავისი შინაარსით. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა მოიცავს ბევრ საკითხს, საუბარი გვაქვს იმაზე, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გავხადოთ პოპულარული, რათა ჩვენმა მოქალაქეებმა ნაკლები მანქანა გამოიყენონ, დღეს თბილისში 600 ათასი მანქანა დადის, არ არის ნორმალური მაჩვენებელ მოსახლეობის იმ რაოდენობისთვის, რაც თბილისშია. ბოლო 5 წლის განმავლობაში მანქანების რაოდენობა 30-40 %-ით არის მომატებული. ჩვენ, სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის რამდენიმე სქემას ვთავაზობთ საზოგადოებას. მათ შორის, ესტაკადები, ისეთ კვანძებზე, სადაც სხვა გამოსავალი არ არის, იქნება შეთავაზებული. ასევე მოთხოვნა იყო იქ არსებულ ხეებთან დაკავშირებით და განვაცხადეთ, რომ ამ პროექტს ფარგლებში მოხდება ხეების გადარგვა მაქსიმალურად, შესაძლებლობის ფარგლებში. ვიცით, რომ წლებთან ერთად ხეების ამორტიზებაც ხდება, ხშირად ისინი არ ექვემდებარებიან გადარგვას, თუმცა, მაქსიმალურად ვეცდებით გადარგვას“, – განაცხადა მაია ბითაძემ.
ბითაძე: დღევანდელ მთავრობის სხდომას, მას შემდეგ, რაც მერმა გააკეთა განცხადება მედიისთვის და იცით რომ პირველი რამენეიმე წუთი მედიისთვისაა განკუთვნილი, ამის შემდეგ დაიწყო მთავრობის სხდომა, რომელსაც ესწრებოდა საკრებულოს ოპოზიციის წარმომადგენლები. მათ მოისმინეს მთავრობის სხდომაზე განხილული საკითხები. მათი კითხვა დაკავშირებული იყო ცინცაძე-კარტოზიას დამაკავშირებელ ესტაკადაზე. არის თუ არა ადგილმონაცვლეობა.