მაია ბითაძე - გვაქვს ავტობუსების გარკვეული რაოდენობა, რომლებმაც ვერ გაიარეს ინსპექტირება, პრობლემა მომდევნო ორი წლის განმავლობაში სრულად გადაიჭრება
გვაქვს ავტობუსების გარკვეული რაოდენობა, რომლებმაც ვერ გაიარეს ინსპექტირება. პრობლემა მომდევნო ორი წლის განმავლობაში მთლიანად გადაიჭრება, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ტექინსპექტირებაზე საუბრისას განაცხადა.
მაია ბითაძის თქმით, მუნიციპალიტეტი ახორციელებს რეფორმას, რათა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ავტოპარკი ჩანაცვლდეს.
„ზოგადად, ტექნიკური დათვალიერება საკმაოდ მნიშვნელოვანი რეფორმაა და კომპლექსური ღონისძიებებისგან შედგება. მუნიციპალიტეტი თავის მხრივ, ძალიან მასშტაბურ რეფორმას ახორციელებს იმ კუთხით, რომ მთლიანად საზოგადოებრივი ტრანსპორტის ავტოპარკი ჩანაცვლდეს მომდევნო ორი წლის განმავლობაში. გარდა იმისა, რომ მთლიანად ჩანაცვლდება, მათ შორის, ინსპექტირება გავლილი ავტობუსები, ასევე, გაიზრდება მგზავრთა გადაყვანის უნარი მათი მოცულობის გაზრდით.
რაც შეეხება, გამართულობას, ყვითელი ავტობუსები რომ არანაირ მოთხოვნას არ აკმაყოფილებს, ამაზე ყველა ვთანხმდებით. გვაქვს ავტობუსების გარკვეული რაოდენობა, რომლებმაც ვერ გაიარეს ინსპექტირება. პრობლემა მომდევნო ორი წლის განმავლობაში მთლიანად გადაიჭრება. საზოგადოებრივი ტრანსპორტი არათუ გაორმაგდება, არამედ მოწყობილი იქნება შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომელიც ამ ტრანსპორტის უსაფრთხო და სწრაფ გადაადგილებას უზრუნველყოფს“,- განაცხადა მაია ბითაძემ.
სასტუმრო „იოტაში“ 2018 წლის იანვრიდან ამოქმედებული სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირების რეგულაციის შედეგებს არასამთავრობო ორგანიზაციები აფასებენ.
„საქართველო ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ და „სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის“ პროექტის, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ 2018 წლის რეგულაციას ახლავს სხვადასხვა ხარვეზები. მაგალითად, არასრულყოფილია მონიტორინგის მექანიზმები და დამყარებულია მხოლოდ 24-საათიან ვიდეომეთვალყურეობის ჩანაწერების გამოთხოვასა და დაკვირვებაზე. ასევე, დღემდე არ არსებობს ინსპექტირების ერთიანი ელექტრონული სისტემა, რაც ართულებს ინსპექტირებისა და ავტოპარკის მდგომარეობის ანალიზს. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ კვლავ არ არსებობს საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების გამომწვევი მიზეზების ზუსტი სტატისტიკა.
პრეზენტაციას ესწრებიან ეკონომიკის სამინისტროს,თბილისის მერიისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები.