მაია ბითაძე - გარედან პოპულისტური განცხადებები კარგია, მაგრამ გენგეგმა რომ პრაქტიკაში გამოვიყენოთ, ამისთვის „სითი ინსტიტუტთან“ ერთად სამთვიანი შრომა გავწიეთ
ხანდახან, იმასაც გვედავებიან, რომ პროცესები გავაჩერეთ, მაგრამ ჩვენ ეს არ გაგვიკეთებია, რადგან ჩვენი მთავარი მიზანი ბიზნეს პროცესების შეჩერება და ბიზნესისთვის ხელის შეშლა არ არის, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ჩვენი მთავარი მიზანია, დედაქალაქს ღირებულება შევუნარჩუნოთ, რადგან ღირებულებას მარტივად კარგავს მათ შორის, დეველოპერისთვის, რომლის ქონებაც ღირებულებას კარგავს“, – განაცხადა ბითაძემ.
როგორც თბილისის მერის მოადგილემ აღნიშნა, პრობლემები იქედან დაიწყო, რომ გარკვეულ დროს, ლეგალიზებული იქნა პირველი უკანონო მშენებლობები სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე და ეკონომიკური განვითარების მოკლევადიანი ეფექტი დღეს ძალიან მძიმედ ვიწვნიეთ, რადგან სისტემა მოშლილია და ამის გამოსწორება ძალიან რთულია.
მისი თქმით, ნებართვებთან დაკავშირებით და ჩარჩო გეგმებთან მიმართებით არავინ დაიჩაგრება, ზონის ცვლილებებთან დაკავშირებით კი, რეკრეაციულ ზონებში აბსოლუტური უარებია.
ამ განცხადებით მაია ბითაძემ „ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს წევრს, ნიკოლოზ ვაჩეიშვილს უპასუხა, რომელმაც გადაცემაში ჩართვისას განაცხადა, რომ ჩარჩო გეგმების მომზადების დიადმა იდეამ შესაძლოა, ნებართვების შეფერხება, დიდი კომპანიებისთვის ხელშეწყობა, მოსახლეობის დაჩაგვრა, გენგეგმაში ზონირების ხშირი შეცვლა და პროცესების უკიდურესად გაწელვა გამოიწვიოს.
თბილისის მერის მოადგილე ნიკოლოზ ვაჩეიშვილის კიდევ ერთ განცხადებას გამოეხმაურა, რომ მერიასა და შემსრულებელ ორგანიზაციას, თუ პროფესიულ საზოგადოებას შორის აღმართული დიდი კედელი „ნაციონალური მოძრაობისა“ და საზოგადოების ძალისხმევით დაიშალა.
„გარედან პოპულისტური განცხადებები კარგია, მაგრამ გენგეგმა რომ პრაქტიკაში გამოვიყენოთ და ყველაფერი გვეწეროს, ამისთვის „სითი ინსტიტუტთან“ ერთად სამთვიანი შრომა გავწიეთ. ეს სამი თვე ტყუილად არ ვყოფილვართ და მივიღეთ დოკუმენტი, რომელიც პრაქტიკაში განსახორციელებლად გვჭირდებოდა. შესაბამისად, ძალიან გთხოვთ, ნურავინ დაიბრალებს, რომ ჩვენი თანამშრომლობა მათი ძალისხმევით და გარედან ყიჟინით მოხდა“, – განაცხადა მაია ბითაძემ.