მაია ბითაძე - ექსპერტების მიერ მუშავდება ტრანსპორტის გენგეგმა, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის თბილისსა და რუსთავს შორის სატრანსპორტო კავშირის გაუმჯობესება
აზიის განვითარების ბანკის ექსპერტების მიერ მუშავდება ტრანსპორტის გენგეგმა, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის თბილისსა და რუსთავს შორის სატრანსპორტო კავშირის გაუმჯობესება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ განაცხადა.
როგორც მაია ბითაძემ აღნიშნა, დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერისგან მიიღო დავალება, რომ ზუსტად დაითვალოს, რა თანხები და რა ინფრასტრუქტურული სამუშაოებია იქნება საჭირო, რათა თბილისსა და რუსთავს შორის მუნიციპალურმა ტრანსპორტმა იმოძრაოს.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თბილისსა და რუსთავს შორის კავშირი იყოს უზრუნველყოფილი, ბევრად კომფორტულად. ვფიქრობთ, ავტობუსის პარკის განახლების პროცესში, რომლის ფარგლებში დამატებით 100 ერთეულ თორმეტმეტრიანი და დაახლოებით 200 ცალს 18-მეტრიან ავტობუსს შევიძენთ. შეძენის პროცედურას მიმდინარე წელს დავიწყებთ. დღევანდელი დავალება მერის მხრიდან იყო, რომ ჩვენ ზუსტად წარმოვადგინოთ ინფორმაცია, რა რაოდენობით და რა ზომის ავტობუსები იქნება საჭირო, რომ შეუფერხებლად უზრუნველვყოთ, ყოველდღიური ტრანსპორტირება. აზიის განვითარების ბანკის მიერ მომზადებულ თბილისის სატრანსპორტო გენერალურ გეგმაზე, საუბარი იქნება თბილისსა და რუსთავს შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლებულ მოდელზე, სადაც დიდი წილი ბუნებრივია იქნება გათვალისწინებული ავტობუსებისთვის, მაგრამ ის წილი, რომელიც განკუთვნილია მიკროავტობუსებისთვის, ბუნებრივია, დარჩება თუმცა ერთმნიშვნელოვანია, რომ მგზავრთა ჩამოსხმისა და აყვანის ადგილებს მკაცრად განსაზღვრავს დედაქალაქი, იმდენად, რამდენადაც 10 ძირითად დერეფანზე, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, როდესაც სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და ოპტიმიზაცია დასრულდება, მიკროავტობუსები ათ ძირითად დერეფანზე, ისევე როგორც რვამეტრიანი ავტობუსები ვეღარ ივლიან“, – განაცხადა მაია ბითაძემ.