მაია ბითაძე - „ენკას“ განცხადება უსიამოვნო ფაქტია, მაგრამ ტრაგედია არ არის, რადგან მთავრობას ენერგეტიკის განვითარების მყარი ათწლიანი გეგმა აქვს
პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მაია ბითაძის განცხადებით, კომპანია „ენკასთან“ დაკავშირებით მთავრობის მიერ განხორციელებულ სამართლებრივ ურთიერთობაზე პოლიტიკური პარტიების რეაქციები არაადეკვატურია.
მისივე თქმით, „ენკას“ განცხადება უსიამოვნოა, თუმცა ტრაგედია არ არის, რადგან საქართველოს მთავრობას ენერგეტიკის განვითარების მყარი ათწლიანი გეგმა აქვს.
„მთავრობის მიერ განხორციელებულ სამართლებრივ ურთიერთობაზე პოლიტიკური პარტიების რეაქციები არის არაადეკვატური. მათ თავად უნდა გაიაზრონ და პასუხისმგებლობა გაიზიარონ, რასაც მათ მიერ გამოწვეული პოლიტიკური ტურბულენტობა იწვევს. „ენკას“ განცხადება უსიამოვნო ფაქტია, მაგრამ ტრაგედია არ არის იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს მთავრობას ენერგეტიკის განვითარების მყარი ათწლიანი გეგმა აქვს. სწორედ ეს გეგმა შექმნის იმის საფუძველს, რომ ახალი ინვესტიციები იყოს მოძიებული. სასიამოვნო არ არის, როცა ამხელა ინვესტიციის თაობაზე კომპანიის მსგავსს განცხადებას ვისმენთ, მაგრამ სამომავლოდ ყველაფერი გაირკვევა. ჩვენთვის ენერგეტიკული დამოუკიდებლობა ძალიან მნიშვნელოვანია, პოსტსაბჭოთა ქვეყნების ყველა სახელმწიფო ცდილობს, ეს დამოუკიდებლობა მოიპოვოს, სამომავლოდ, მოსახლეობამ, მთავრობამ და ოპონენტებმა კარგად უნდა გავიაზროთ, გარკვეული თემებით სპეკულირება სახელმწიფოს და მის განვითარებას როგორ ზიანს აყენებს“, – განუცხადა მაია ბითაძემ საქართველოს პირველ არხს.
კომპანია „ენკა რინიუებლზი“, რომელსაც „ნამახვანჰესი“ უნდა აეშენებინა, საქართველოსთან ხელშეკრულებას წყვეტს. ამის შესახებ კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი.
„ჩვენი კომპანიის შვილობილმა, ENKA Renewables-მა საქართველოს სახელმწიფოსთან 2019 წლის 25 აპრილს ხელი მოაწერა ნამახვანის კასკადის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განვითარების, მშენებლობის, მართვისა და ექსპლუატაციის შეთანხმებას, რომელიც უკვე დიდი ხანია, მიმდინარეობს. კომპანია ატყობინებს საქართველოს სახელმწიფოს ამ შეთანხმების შეწყვეტის თაობაზე, ხელშეკრულების დარღვევისა და ფორსმაჟორის გამო“, – აღნიშნულია კომპანია „ენკას“ განცხადებაში.
ამასთან, კომპანია „ენკას“ მიერ ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტროში განაცხადეს, რომ „აუცილებლად გააგრძელებენ კომუნიკაციას ინვესტორ კომპანიასთან, რათა გამოინახოს სწორი და სახელმწიფოებრივად გამართლებული გადაწყვეტილება, რომელიც საინვესტიციო გარემოს არ დააზიანებს და ამავე დროს, პროექტთან დაკავშირებულ ყველა კითხვას საბოლოოდ მოხსნის“.
უწყებაში განმარტავენ, რომ მნიშვნელოვანია როგორც უშუალოდ ნამახვანი ჰესების კასკადის პროექტი, ასევე ზოგადად ნებისმიერი ინვესტორის ინტერესი.