მაია ბითაძე - ე.წ. ელიავას ბაზრობის ტერიტორიის შემდგომი განვითარების საკითხს ისე გადავწყვეტთ, რომ გარემოსდაცვითი და სატრანსპორტო კუთხით ქალაქისთვის პრობლემას არ ქმნიდეს
ე.წ. ელიავას ბაზრობის ტერიტორიის განვითარება მოხდება მუნიციპალიტეტის მიერ შემუშავებული განაშენიანების გეგმის რეგულირების ფარგლებში, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ განაცხადა.
„გენგეგმა ადგენს 11 ძირითად მიმართულებას, სადაც განვითარება უნდა მოხდეს გარკვეული პირობების დაცვით. მათ შორის ერთ-ერთი არის ელიავას მიმდებარე ტერიტორია, ასევე ლისისა და თბილისის ზღვა და ა. შ. ელიავას მიმდებარე ტერიტორიასთან დაკავშირებით ისევე, როგორც თბილისის ზღვასა და ლისის ტბასთან მიმართებით გვაქვს გარკვეული რეკომენდაციები, რომლის მიხედვით, აღნიშნულ ტერიტორიებზე განაშენიანება უნდა მოხდეს სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვით, საცხოვრებელ და საწარმოო ზონებს შორის გარკვეული ბუფერის შექმნით და აუცილებლად გარემოსდაცვითი, სატრანსპორტო და ურბანული გააზრებით. ტერიტორია მოგეხსენებათ დიდია, ამიტომ მისი ერთი ნაწილის რეკრეაციულ ზონად განვითარება უნდა მოხდეს, მეორე ნაწილის საზოგადოებრივი საქმიანი ფუნქციით განვითარება, მაგრამ ამან საფრთხე არ უნდა შეუქმნას ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას“, – განაცხადა მაია ბითაძემ.
მისივე თქმით, ე.წ. ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე გარემოს დაბინძურების ფაქტები ძალიან აშკარაა.
„საშენი მასალების დასაწყობებისას, გაყიდვა-რეალიზაციისას ამტვერიანების კუთხით ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ადგილია. არ შეიძლება, საცხოვრებელ ზონასთან ახლოს იყოს ისეთი მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობა, რომელიც პირდაპირ საფრთხის შემცველია ადგილობრივი მოსახლეობისთვის, მათ შორის აალებადი მასალის არაკონტროლირებადი ვაჭრობის თვალსაზრისით“, – განაცხადა მაია ბითაძემ.
მისივე თქმით, ტერიტორიის მესაკუთრეთა ნაწილის მხრიდან გარკვეული კონცეფციის განხილვა მიმდინარეობს.
„ბევრჯერ ვართ შეხვედრილები ამ ადამიანებთან, არავის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, მაგრამ ტერიტორიის განვითარება მოხდება მუნიციპალიტეტის მიერ შემუშავებული განაშენიანების გეგმის რეგულირების ფარგლებში. ხაზს ვუსვამ, ნებისმიერი ტერიტორიის განაშენიანება ისე უნდა მოხდეს, რომ ამან საფრთხე არ შეუქმნას სხვის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. ელიავას მიმდებარე ტერიტორიაზე საფრთხის შემცველია არა ის საქმიანობა, რასაც ისინი ახორციელებენ, არამედ როგორც ხორციელდება ეს საქმიანობა“, – განაცხადა მაია ბითაძემ.
თბილისის მერის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტმა მხარი დაუჭირა მერიის საკანონმდებლო წინადადებას, რომლის მიხედვითაც გაკონტროლდება ამტვერებადი მასალის ტრანსპორტირება და დასაწყობება.
„ასევე, გაკონტროლდება ყველა ის საქმიანობა, რომელიც ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, დასაქმებულებისა და მცხოვრებლებისთვის არის საფრთხის შემცველი. ამ ადამიანებთან ერთად, სწორად გადავჭრით ამ ტერიტორიის შემდგომი განვითარების პერსპექტივას ისე, რომ არც გარემოსდაცვითი და სატრანსპორტო კუთხით აღნიშნული ტერიტორია ჩვენი ქალაქისთვის პრობლემას არ ქმნიდეს“, – განაცხადა ბითაძემ.
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დღეს განაცხადა, რომ მერიამ თბილისის გენგეგმაზე მუშაობა დაასრულა და საკრებულოს დასამტკიცებლად დღეს გადაუგზავნის.