მაია ბითაძე- დიღმის ტყე-პარკზე ორგანიზაცია „უსაფრთხო სივრცის" სარჩელი ძალიან ბუნდოვანია
მიუხედავად იმისა, რომ დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი კერძო საკუთრებაა, მუნიციპალიტეტი აქ მშენებლობებს არ დაუშვებს, ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მაია ბითაძემ ისაუბრა ორგანიზაცია „უსაფრთხო სივრცის” სარჩელზე, რომელიც დიღმის ტყე-პარკში არსებული შენობის საგამოფენო სივრცით ჩანაცვლებას აპროტესტებს.
„ადმინისტრაციული წარმოება ჩვეულებრივი ფორმაა, რომელიც მიღებულია ჩვენ სახელმწიფოში, შესაბამისად, დაველოდოთ მოსაზრებებს, რომლებსაც მომჩივანი მხარე გამოთქვამს, თუმცა ჩვენთვის ძალიან ბუნდოვანია, თუ რაზეა საერთოდ საუბარი. თუ ორგანიზაცია არსებული ბეტონის ინფრასტრუქტურის დანგრევას და მის ნაცვლად მსუბუქი კონსტრუქციის მშენებლობას აპროტესტებს, იგივე წარმატებით, დიღმის პარკის მომიჯნავე ტერიტორიაზე არც გზა უნდა გვქონდეს და არც შენობა- ნაგებობები რომლებშიც ადამიანები ცხოვრობენ. მიუხედავად იმისა, რომ დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიის უმრავლესობა კერძო საკუთრებაა, იცით რომ ის არასამშენებლო ტერიტორიაა და მასზე მშენებლობას მუნიციპალიტეტი არ დაუშვებს. სადაც უკვე დგას ბეტონის ნაგებობა, მისი ჩანაცვლება მსუბუქი კონსტრუქციით არის ჩვენი პრიორიტეტი და გაუგებარია, სამართლებრივად რა არგუმენტები ექნება მომჩივან მხარეს“,-განაცხად მერის მოადგილემ.
არასამთავრობო ორგანიზაცია დიღმის ტყე-პარკში კომპანია Kia Motors-ის შენობის ადგილზე საკონცერტო და საგამოფენო სივრცის აშენებას აპროტესტებს, მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში კი, აღნიშნულია, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, კომპანიას განზრახული აქვს ავტოტექმომსახურების ცენტრი, რომელიც გარემოზე მავნე ზემოქმედებას ახდენს, ისეთი ფუნქციის შენობით ჩაანაცვლოს, რომელიც დიღმის ტყე-პარკის განვითარების კონცეფციაში ორგანულად ჩაეწერება „ორანჟერეა“ თავისი ფუნქციით საგამოფენო, საკონცერტო და სადღესასწაულო ცენტრი იქნება. საპროექტო კომპანია ამჟამად, კონკრეტულ პროექტს ამუშავებს, რომლის მიხედვითაც, მსუბუქი კონსტრუქციის შენობა ენერგოეფექტური მასალებით აიგება.