მაია ბითაძე - ჩარჩო გეგმის მიზანი არ არის, კორპუსები დაანგრიოს, ან ვინმე სახლიდან გამოასახლოს და იქ ტყე გააშენოს
ჩარჩო გეგმის მიზანი არ არის, კორპუსები დაანგრიოს, ან ვინმე სახლიდან გამოასახლოს და იქ ტყე გააშენოს, – განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.
„ჩარჩო გეგმის მთავარი მიზანი ისაა, ქალაქმა კარგად დაინახოს ტერიტორიები და განსაზღვროს, ამ ტერიტორიებს როგორი განვითარება უნდა. ჩვენ გვეცოდინება, სამომავლოდ როგორ უნდა განვითარდეს ტერიტორიები, სადაც საცხოვრებელი სახლები უკვე აშენებულია. მაგალითად დიდ დიღომში, სადაც ჩარჩო გეგმა უნდა მომზადდეს, არის დაბალი სახლებიც და მაღალი კორპუსებიც, ინდივიდუალური განაშენიანების გვერდით 15-სართულიანი კორპუსებია და ტენდენცია საითკენმე ხომ უნდა ავიღოთ, რომ ეს ადამიანები გადაეწყონ?! ასეთ ტერიტორიებს შველა უნდა ვუპოვოთ, სად არის გამწვანებული სივრცის წილი, როგორია მიწისქვეშა კომუნიკაციებზე დატვირთვა, ხაზობრივი ნაგებობები, სატრანსპორტო წვდომა და ა.შ“, – განაცხადა ბითაძემ.
ამ განცხადებით მაია ბითაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რა შეიცვლება ახალი გენგეგმის მიხედვით იქ, სადაც საცხოვრებელი სახლები უკვე აშენებულია და როგორ იმოქმედებს ასეთ შემთხვევებში მერია.
მისი თქმით, როცა თერთმეტ ჩარჩო გეგმაზეა საუბარი, საუბარია მათ შორის, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე და ისეთ ტერიტორიებზე, რაც ჯამში, დაახლოებით, 9 000 ჰექტარს მოიცავს.
როგორც თბილისის მერის მოადგილემ აღნიშნა, დედაქალაქს პრობლემები არაკანონზომიერებამ შეუქმნა და არა იმან, რომ გენგეგმა არ იყო, ან მეტეორი ჩამოვარდა.
„სახელმწიფომ არ იცოდა, რა მიზნისკენ მიდიოდა. უკვე 21-ე საუკუნეა და წვიმის გვეშინია. რატომ?! იმიტომ, რომ ქაოტური განაშენიანება მხოლოდ ვიზუალი არ არის, რამაც თბილისი დაამახინჯა, ეს არის მიწისქვეშა კომუნიკაციებზე დატვირთვა და ა.შ“, – განაცხადა ბითაძემ.
მისივე თქმით, დღეს თბილისში ყველაფერი კონტექსტიდან ამოვარდნილია იმიტომ, რომ მოგონილ იქნა სპეცნებართვები, რომლებიც ჩვეულებრივ, რეგულარულ რეჟიმში გამოიყენებოდა.
„თავის დროზე, იმის ეგიდით, რომ ეკონომიკური განვითარებისთვის ხელის შეწყობა მომხდარიყო, კანონმდებლობაში გაჩნდა დაშვებები, რამაც რეგულარული ხასიათი მიიღო და საბოლოო ჯამში, მივიღეთ ის, რაც მივიღეთ“, – განაცხადა მაია ბითაძემ.