პალესტინის ლიდერის, მაჰმუდ აბასის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საავადმყოფოს დირექტორის თქმით, სადაც პალესტინის ლიდერი მკურნალობას გადის, აბასის ანალიზებიც ნორმის ფარგლებშია.
82 წლის აბასმა სამშაბათს ყურის ოპერაცია გაიკეთა, თუმცა კვირას საავადმყოფოში დაბრუნება მაღალი ტემპერატურის გამო მოუხდა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გართულება ჩატარებულ ოპერაციას მოჰყვა, თუმცა რამალას საავადმყოფოს წარმომადგენლის თქმით, პრეზიდენტის მდგომარეობა ყურის ოპერაციასთან კავშირში არ არის.
აბასის საავადმყოფოში გადაყვანის პერიოდი ემთხვევა მოვლენებს, რომელიც 14 მაისს ისრაელის სამხედრო შენაერთების მიერ ათობის პალესტინელის მკვლელობას მოჰყვა. ღაზას საზღვართან პალესტინელები იერუსალიმში აშშ-ის საელჩოს გახსნას აპროტესტებდნენ, როცა ისინი ისრაელის სამხედრო ძალებმა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაარბიეს. ოპერაციას 60 პალესტინელის სიცოცხლე ემსხვერპლა.