პალესტინის ლიდერი მაჰმუდ აბასი საავადმყოფოდან გაწერეს. ცნობას საინფორმაციო სააგენტო Maan-ი ავრცელებს.
ქალაქ რამალის სამედიცინო ცენტრის დატოვების დროს აბასმა განაცხადა, რომ თავს კარგად გრძნობს და სამუშაოს ხვალვე დაუბრუნდება. აბასმა აღნიშნა, რომ მის ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი პალესტინის მომავალია, რომლისთვისაც სახელმწიფოს შექმნა და მის დედაქალაქად იერუსალიმის დადგენაა საჭირო.
პალესტინის ლიდერი საავადმყოფოში 20 მაისს მოხვდა. მას ყურის ოპერაცია გაუკეთეს. რამდენიმე დღის შემდეგ კი სამედიცინო ცენტრში დაბრუნება მაღალი ტემპერატურის გამო მოუხდა. გამოცემა Al-Hayat-ი იუწყებოდა, რომ ექიმებს ხელოვნური სუნთქვის აპარატის გამოყენება დასჭირდათ. Al-Hayat-ის ცნობით, გართულება ყურზე ჩატარებულ ოპერაციას მოჰყვა, თუმცა რამალის საავადმყოფოს წარმომადგენლებმა აღნიშნული ინფორმაცია უარყვეს.
ავტორი -
გვანცა ფოცხვერია