მაჰმუდ აბასი - გადავწყვიტე ღაზის სექტორში წასვლა ყველა პალესტინელ ლიდერთან ერთად, ჩვენი შემდეგი დანიშნულების ადგილი იქნება იერუსალიმი
პალესტინის ადმინისტრაციის ლიდერმა, მაჰმუდ აბასმა ღაზის სექტორში ვიზიტის შესახებ განაცხადა.
„თქვენი და მთელი მსოფლიოს წინაშე ვაცხადებ, რომ გადავწყვიტე ღაზის სექტორში წასვლა ყველა პალესტინელ ლიდერთან ერთად“, – განაცხადა აბასმა თურქეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
ამასთან, აბასმა მოუწოდა არაბულ, ისლამურ და სხვა მეგობარი ქვეყნების ლიდერებს, ასევე გაერო-ს გენერალურ მდივანს, შეუერთდნენ დაგეგმილ ვიზიტს, რათა დაეხმარონ „ისრაელის აგრესიის შეჩერებაში“.
„ჩვენი შემდეგი დანიშნულების ადგილი კი იქნება წმინდა ქალაქი იერუსალიმი, ჩვენი მარადიული დედაქალაქი“, – აღნიშნა აბასმა.
პალესტინის ადმინისტრაციის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ღაზის სექტორი, აღმოსავლეთ იერუსალიმი და დასავლეთ სანაპირო არის ერთი გეოგრაფიული ერთეული.
„არ შეიძლება, პალესტინის სახელმწიფო იყოს ღაზის გარეშე. მათ, ვინც საუბრობს ღაზის ომის შემდგომ სცენარებზე, ჩვენ ვეუბნებით, რომ ღაზა, დასავლეთ სანაპირო და იერუსალიმი არის ერთიანი, რომელიც ერთად ქმნის პალესტინის სახელმწიფოს”,- განაცხადა აბასმა.
შეგახსენებთ, ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამსახურის ინფორმაციით, 7 ოქტომბრის შემდეგ ისრაელის სამხედრო ოპერაციას ღაზის სექტორში 40 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.