მაჰმუდ აბასი აცხადებს, რომ ღაზის სექტორში განხორციელებულ თავდასხმაზე ისრაელი და აშშ არიან პასუხისმგებელი
პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი „ჰამასს“ ღაზაში ომის გაგრძელებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ღაზის სექტორში განხორციელებულ თავდასხმაზე ისრაელი და აშშ არიან პასუხისმგებელი. ინფორმაციას „როიტერი” ავრცელებს.
„პალესტინის პრეზიდენტი გმობს ხოცვა-ჟლეტას და აკისრებს სრულ პასუხისმგებლობას ისრაელის მთავრობას, ასევე აშშ-ის ადმინისტრაციას, რომელიც ყველა სახის მხარდაჭერას უწევს ოკუპაციას და მის დანაშაულებს“, – ნათქვამია აბასის ოფისის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
განცხადებაში ნათქვამია, რომ „ჰამასს” ეკისრება იურიდიული, მორალური და პოლიტიკური პასუხისმგებლობა ღაზის სექტორში ომის გაგრძელებაზე.
ცნობისთვის, „ჰამასის“ მიერ კონტროლირებად ღაზის სექტორის ჯანდაცვის უწყებაში განაცხადეს, რომ ისრაელის მიერ ხან იუნისზე თავდასხმის შედეგად 71 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია 300-ზე მეტი პირი. ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაადასტურეს, რომ მათი სამიზნე იყვნენ „ჰამასის“ სამხედრო ფრთის მეთაური მოჰამედ დეიფი და ხან იუნისის ბრიგადის მეთაური რაფა სალამე. ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, არ არის დარწმუნებული, რომ თავდასხმის შედეგად მუჰამედ დეიფი და რაფა სალამე დაიღუპნენ, თუმცა პირობა დადო, რომ ისრაელი „ჰამასის“ ყველა ხელმძღვანელს გაანადგურებს.