„მაგთიკომი“ სახელმწიფო უწყებებში დასაქმებული აბონენტებისთვის გაუხარჯავი ერთეულების გაუქმებაზე განმარტებას აკეთებს
კომპანია „მაგთიკომი“ კონსოლიდირებულ ტენდერთან და სახელმწიფო უწყებებში დასაქმებული აბონენტებისთვის გაუხარჯავი ერთეულების გაუქმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ „მაგთიკომი“ ხელმძღვანელობს შესყიდვების სააგენტოს მიერ ჩატარებული ფიჭური სატელეფონო მომსახურების 2017-2018 წლის კონსოლიდირებული ტენდერის პირობებითა და ხელშეკრულებით, რომელიც შემუშავებულია თავად შესყიდვების სააგენტოს მიერ და ქვეყნდება სააგენტოს ვებგვერდზე.
„მაგთიკომი“ კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში ხელშეკრულებებს აფორმებს სახელმწიფო ორგანიზაციებთან და არა ინდივიდუალურად, ორგანიზაციაში დასაქმებულ თანამშრომლებთან. შესაბამისად, ხელშეკრულების პირობების გაცნობაზე/ინფორმირებაზე „მაგთიკომი“ პასუხისმგებელი ვერ იქნება. სახელმწიფო ორგანიზაციებში დასაქმებულებს ნებისმიერ დროს აქვთ შესაძლებლობა, ხელშეკრულების პირობების გაცნობა მოსთხოვონ დამსაქმებელს ან თავად გაეცნონ საჯაროდ ატვირთულ დოკუმენტს“, – ნათქვამია განცხადებაში.
კომპანია ხელშეკრულებიდან ამონარიდსაც ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ხელშეკრულების ვადის გასვლის და/ან ცალკეულ სააბონენტო ნომერზე შემსყიდველის ინიცირებით ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში გაუქმდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა სახის მომსახურება, მათ შორის გაუხარჯავი პაკეტები (ერთეულები).
კომპანიის ინფორმაციით, დაინტერსებულ პირს ხელშეკრულების სრულად გაცნობა შეუძლია შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე.