კომპანია „ცენტრ-პოინტის“ საქმეზე, „მაგნოლიას“ ეპიზოდზე სასამართლო სხდომა კვლავ ვერ ჩატარდა.
სხდომის გადადება სასამართლოს ბრალდებულმა, გურამ რჩეულიშვილმა სთხოვა, მიზეზი კომპანია m2-თან გასაფორმებელი ხელშეკრულებაა.
როგორც რჩეულიშვილმა აღნიშნა, ხელშეკრულების მომზადება თითქმის დასრულებულია.
„10 წლის განმავლობაში რთული იყო ამ პროცესის დაძვრა. ერთი წლის წინ გამოვედი ციხიდან და ამის შემდეგ ვეძებ ინვესტორს. მიდის აქტიური მოლაპარაკება m2-სთან. არსებობს ხელშეკრულება, რომელიც მე წინა მოსამართლეს გავაცანი. ეს არის გენერალური ხელშეკრულება, რაც ყველა ჩვენს ობიექტს ასრულებს. ხელშეკრულება ფორმდება m2-ს, „ცენტრ-პოინტს“ და დაზარალებულებს შორის. კომპანია m2 იღებს ვალდებულებას, ანუ ჩვენ არ გვეყოლება დაზარალებულები“, – განაცხადა რჩეულიშვილმა.
აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, საქმეზე საპროცესო შეთანხმება უნდა გაფორმდეს, რომლის შემდეგაც მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი საპატიმრო დაწესებულებას დატოვებენ.
სასამართლომ რჩეულიშვილის მოთხოვნა დააკმაყოფილა და სასამართლო განხილვა 9 ოქტომბრამდე გადადო.