მაგნიტოგორსკში აფეთქებისას ჩამოშლილი სახლის ნანგრევებიდან 16 ადამიანის ცხედარი ამოიტანეს
რუსეთში, ქალაქ მაგნიტოგორსკში აფეთქებისას ჩამოშლილი სახლის ნანგრევებიდან მაშველებმა 16 ადამიანის ცხედარი ამოიტანეს. გარდაცვლილთა შორის ერთი ბავშვია. 27 პირი კი, დაკარგულად მიიჩნევა.
გავრცელებული ინფორმაციით, ხუთი დაშავებული საავადმყოფოში მკურნალობს. მათ შორის 11 თვის ჩვილია, რომელიც ნანგრევებიდან მაშველებმა 1 იანვარს ამოიყვანეს.
აფეთქება საცხოვრებელი კორპუსში 31 დეკემბერს მოხდა, რის შედეგადაც ერთი სადარბაზო დაინგრა. სამაშველო ეკიპაჟებმა უსაფრთხოების მიზნით, კორპუსიდან მაცხოვრებლების ევაკუაცია განახორციელეს. მოსახლეობის ნაწილი ნათესავებთან, ნაწილი კი, დროებითი განთავსების ცენტრში რჩება.
შენობის კონსტრუქციის მდგრადობის შეფასების შემდეგ, სპეციალისტებმა 12 სადარბაზოდან 9 საცხოვრებლად უსაფრთხოდ მიიჩნიეს და მოქალაქეები საკუთარ ბინებში დაბრუნდნენ.
აფეთქების ერთ-ერთ ვერსიად გაზის სავარაუდო გაჟონვა სახელდება. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, ტერიტორიაზე ასაფეთქებელი მოწყობილობის კვალი, რომლის შესახებაც მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, აღმოჩენილი არ არის.