20-21 ივნისის აქციის საქმეზე მაგისტრატი მოსამართლის წინაშე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე იკითხება.
თბილისის საქალაქო სასამართლოში დეკანოიძის დაკითხვა მისივე სურვილით ხდება, რადგანაც ის გამოძიებას უნდობლობას უცხადებს.
„სასაცილოა, რა შეკითხვები უნდა ქონდეს გამოძიებას, როდესაც ყველაფერი ნათელია. მათ შორის, ბოლოს გავრცელებული კადრებით არის დადასტურებული. გარდა ამისა, ძალიან ირონიულია, როდესაც შსს აწარმოებს ამ გამოძიებას, მე უნდობლობას ვუცხადებ შსს და ამიტომ მოვითხოვე მაგისტრ მოსამართლესთან გამოკითხვა. რეალურად, „გავრილოვის ღამეზე“ პასუხისმგებელი მინისტრი არ შეიძლება, თავად იყოს მთავარი გამომძიებელი და ფაქტების მომგროვებელი.
მოვითხოვ, დაკითხვა იყოს საჯარო, სხდომებს იმიტომ ხურავენ, რომ არავითარი მტკიცებულება არ აქვთ. გავრილოვის წამოსკუპება როცა ვიხილე პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში, გახლდით ჩემს მშობლებთან აგარაკზე და ჩამოვედი კახეთიდან თბილისში, პარლამენტთან ვიყავი სამი საათის შემდეგ. ჯერ არ შეგვიშვეს პარლამენტში და დაირღვა ჩვენი კონსტიტუციური უფლება, ვისაც გვქონდა ადმინისტრაციული საშვები. შემდეგ, შვიდ საათზე პარლამენტის შენობის წინ ჩამოვედით აქციაზე, მე ვიყავი დილამდე, მოვიწამლეთ მეც და ჩემი შვილიც. რეალურად, ძალიან კარგად ვიცი, რა ხდებოდა, რა ძალადობას ჰქონდა ადგილი გახარიას უწყების მხრიდან“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ დაკითხვაზე შესვლამდე ჟურნალისტებთან საუბრისას.
საქმის პროკურორის, შმაგი გობეჯიშვილის განცხადებით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე, ვერ ისაუბრებს კითხვების შინაარსზე. რაც შეეხება სხდომის ღიაობას, რაც მოწმე ხატია დეკანოიძის მოთხოვნაა, პროკურორის თქმით, მოწმის სასამართლოში დაკითხვა დახურულ რეჟიმში სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით მიმდინარეობს და სხდომის დახურვა პროკურატურის მოთხოვნა არ არის.
„გამოძიება დასვამს ყველა იმ კითხვას, რომელიც მიზანშეწონილად იქნება მიჩნეული. რაც შეეხება შინაარსობრივ ნაწილს, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, შინაარსზე, ფაქტებზე ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებ. კითხვები იქნება ყველა ფაქტთან დაკავშირებით, რასაც გამოძიება მიზანშეწონილად მიიჩნევს. რაც შეეხება გამოკითხვის საჯაროობას, ბრალდების მხარის პოზიცია არაა, რომ პროცესი დაიხუროს, ეს სისხლის სამართლის კოდექსის იმპერატიული მოთხოვნაა“, – განაცხადა პროკურორმა შმაგი გობეჯიშვილმა.
20-21 ივნისის მოვლენებზე გამოძიება ამბოხების გზით ხელისუფლების დამხობისა და ხელში ჩაგდების მუხლებით მიმდინარეობს. აღნიშნულ საქმეზე მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით უკვე დაიკითხნენ „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი უგულავა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გია ბარამიძე და პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ წარმომადგენელი გუბაზ სანიკიძე. ამასთან, შსს-მ ბაჩუკი ქარდავა და ირაკლი ღლონტი დაიბარა დაკითხვაზე.