მადრიდის ცენტრში ასობით ადამიანმა ბოლო თვეებში ჰომოფობიური თავდასხმის შემთხვევების ზრდა გააპროტესტა
მადრიდის ცენტრში ასობით ადამიანმა ბოლო თვეებში ჰომოფობიური თავდასხმის შემთხვევების ზრდა გააპროტესტა და ლგბტ პირთა უფლებების დაცვის გაძლიერება მოითხოვა.
პარასკევს ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა მთავრობის წევრების, თემთა ლიდერებისა და პოლიციის მონაწილეობით საგანგებო სხდომა გამართა, რომელზეც სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის შემცირების გზებზე იმსჯელეს.
როგორც სააგენტო „როიტერი“ ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკაზე დაყრდნობით წერს, 2014 წლიდან ქვეყანაში სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის რიცხვი ყოველწლიურად დაახლოებით 9%-ით იზრდება.
შინაგან საქმეთა მინისტრის ფერნანდო გრანდე-მარლასკას განცხადებით, სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის რაოდენობა მზარდია და სულ უფრო ძალადობრივი ხდება.
შეგახსენებთ, ივლისში ესპანეთის გალისიის რეგიონში ცემის შედეგად გარდაიცვალა ექთნის თანაშემწე, სამუელ ლუისი, რომელსაც სავარაუდოდ მისი სექსუალური ორიენტაციის გამო დაესხნენ თავს.