ფრანგული სარაგბო კლუბ „ბრივის“ ოფიციალურ გვერდზე კარლენ ასიეშვილის გამოსამშიდობებელი ვიდეო რგოლი გავრცელდა. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრს, გუნდი მადლობას უხდის კლუბში გატარებული წლებისთვის. ასიეშვილმა ბრივის შემადგენლობაში შვიდი წელი ითამაშა, 122 შეხვედრა ჩაატარა და 12 ლელოს ავტორია.
„მადლობა კარლენ გუნდში გატარებული შვიდი სეზონისთვის და 122 მატჩისთვის. თქვენმა ტალანტმა და ნიჭმა „ბრივს“ ბევრი რამ მოუტანა. მადლობა იმისთვის, რომ გუნდში ყოველთვის კარგი განწყობა შემოგქონდათ. ამ სტადიონზე ჩვენ შენ ყოველთვის გელოდებით,“ – წერს კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.
კარლენ ასიეშვილის გარდა გუნდში კიდევ შვიდი ქართველი მორაგბე ასპარეზობს – ოთარ გიორგაძე, ვასილ ლობჟანიძე, ლუკა ჯაფარიძე, ირაკლი ცხადაძე, ვანო კარკაძე, თედო აბჟანდაძე და სოსო ბერიკაშილი. ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გააგრძელებს კარიერას ქართველი ბურჯი.