მარიამ კუბლაშვილი - ხელყუმბარის ამოქმედებასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა გვაქვს
თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი პროკურატურისთვის ბრლადების მუხლის შეცვლის მოთხოვნას გეგმავს.
ამის შესახებ მარიამ კუბლაშვილმა პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით დაიწყო, რომელიც უნდა გადაკვალიფიცირდეს და მოკვლევა 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით გაგრძელდეს.
„ხელყუმბარის ამოქმედებასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა გვაქვს. თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ სპეცოპერაციიდან რამდენიმე საათში აღმოაჩინა კუთხეში მიგდებული ხელყუმბარა, რომელიც თითქოს თემირლანს უნდა აემოქმედებინა. რეალურად, ყველაფერი სისხლით იყო დასვრილი, ხელყუმბარას სისხლის კვალი არ აქვს. ნუთუ ისეთი ტერორისტი იყო ეს ბიჭი, რომ ხელყუმბარას ააფეთქებდა იქ, სადაც დედა, და, მამა და ბებია იმყოფებოდნენ“, – განაცხადა ადვოკატმა.
თემირლან მაჩალიკაშვილს პანკისის ხეობის სოფელ დუისში დღეს დაკრძალავენ.