„m2 ჯგუფი“ „ოლიმპიური ვარსკვლავის“ შეჩერებული ობიექტის მშენებლობას იწყებს
„m2 ჯგუფი“ სამშენებლო კომპანია „ოლიმპიური ვარსკვლავის“ ობიექტზე სამშენებლო სამუშაოებს იწყებს. ხელშეკრულების პირობების თანახმად, მშენებლობა სამი წლის ვადაში დასრულდება და თორმეტწლიანი ლოდინის შემდეგ, 400-მდე დაზარალებული ოჯახი, კუთვნილ ბინებს მიიღებს.
მშენებლობას დედაქალაქის მერი კახა კალაძე „m2 ჯგუფის“ ხელმძღვანელობასთან ერთად ადგილზე გაეცნო.
თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტი თბილისის მერიასთან 23 ივნისს გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება. აღნიშნული დოკუმენტი, მხარეების კომპეტენციის ფარგლებში, „ოლიმპიური ვარსკვლავის“ მიერ დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების ხელშეწყობას ითვალისწინებს.
უწყების ცნობით, „m2 ჯგუფი“ მსგავს პროექტს მეორედ ახორციელებს. რამდენიმე თვის წინ აქტიური სამშენებლო პროცესი დაიწყო სამშენებლო კომპანია „სვეტის“ წლების განმავლობაში შეჩერებულ სამ ობიექტზე. პროექტის სრულად ფინანსდება „m2 ჯგუფის“ მიერ, ხოლო ობიექტების სამშენებლო-საინჟინრო მიმართულებას „m2 ჯგუფის“ სამშენებლო კომპანია BK Construction განახორციელებს.