ლვოვის სააპელაციო სასამართლომ უკრაინის კომუნისტური პარტიის საქმიანობა აკრძალა
ქალაქ ლვოვის ადმინისტრაციულმა სააპელაციო სასამართლომ უკრაინის კომუნისტური პარტიის საქმიანობა აკრძალა.
უკრაინული მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ სასამართლოს განცხადებაშია ნათქვამი.
„გაცნობებთ, რომ სასამართლომ დააკმაყოფილა უკრაინის იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნები: აკრძალულია უკრაინის კომუნისტური პარტიის საქმიანობა; პარტიის, მისი რეგიონული, საქალაქო, რაიონული ორგანიზაციების, პირველადი ორგანიზაციებისა და სხვა სტრუქტურული ერთეულების ქონება, სახსრები და სხვა აქტივები გადაცემულია სახელმწიფო საკუთრებაში“, – ნათქვამია განცხადებაში.
როგორც მედია წერს, 20 მარტს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ეროვნული უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებას, რომელიც ომის დროს აჩერებს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის საქმიანობას. 14 მაისს კი პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს „უკრაინის ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ ცვლილებების შეტანის შესახებ“. დოკუმენტი აფართოებს პოლიტიკური პარტიის სასამართლოს გზით აკრძალვის საფუძვლების ჩამონათვალს. მაგალითად, შესაბამისი საფუძველია უკრაინის წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესიის გამართლება, ლეგიტიმაცია ან უარყოფა.