ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალი გაიმართება
ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალი გაიმართება

ლუქსემბურგში დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბებიან. ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე დიპლომატები ქიმიური იარაღის გამოყენებისთვის ახალი სანქციების დაწესების მექანიზმს დაამტკიცებენ და „აღმოსავლეთ პარტნიორებთან“  გამართავენ მოლაპარაკებებს.

დღის წესრიგში ასევე არის მიგრაციული კრიზისი, სიტუაცია ლიბიაში და რუსეთის მხრიდან ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციაზე განხორციელებული კიბერშეტევა.

ევროკავშირის საბჭო განიხილავს ახალ სასანქციო რეჟიმს, რომელიც იმ კომპანიებისა თუ ინდივიდუალურ პირთა წინააღმდეგ ამოქმედდება, რომლებიც ქიმიური იარაღის გამოყენებასა და შექმნაში არიან ბრალდებულნი. სანქციების დაწესების ახალ მექანიზმზე ევროკავშირის ელჩები ჯერ კიდევ სექტემბრის ბოლოს შეთანხმდნენ. ჯერ უცნობი რჩება, ამოქმედდება თუ არა ეს მექანიზმი რუსეთის მოქალაქეთა წინააღმდეგ, რომლებიც სოლსბერიში ყოფილი ორმაგი ჯაშუშის მოწამვლაში დაადანაშაულეს.

ევროპელი დიპლომატები ასევე განიხილავენ ისეთი მექანიზმის შექმნას, რომელიც ბრიუსელს კიბერთავდასხმებში მხილებულ პირთა დასჯას გაუადვილებს.

მინისტერიალის მეორე ნახევარი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი პროგრამის მონაწილეებთან შეხვედრას დაეთმობა. ბრიუსელში ჩავლენ დიპლომატები საქართველოდან, სომხეთიდან, აზერნაიჯანიდან, უკრაინიდან, ბელარუსიდან და მოლდოვიდან.

შეხვედრას ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების მეთაური ფედერიკა მოგერინი უხელმძღვანელებს. მოლაპარაკებების დროს დიპლომატები „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში დასახული „2020 წლის 20 ამოცანის“ შესრულებაში მიღწეულ პროგრესს განიხილავენ.

მხარეები ასევე იმსჯელებენ, თუ როგორ უნდა აღინიშნოს 2019 წლის მაისში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამის ამოქმედების 10 წლის იუბილე.