ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ მთავრობაში საკადრო ცვლილებების განხორციელება მოითხოვა. ინფორმაციას ამის შესახებ ბელარუსის სახელმწიფო სააგენტო „ბელტა“ ავრცელებს.
ლუკაშენკომ მიმდინარე კვირის განმავლობაში მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელობის შეცვლასთან დაკავშირებით წინადადებების წარდგენა მოითხოვა. ამის მიზეზად მან პრეზიდენტის განკარგულებებისადმი მთავრობის გულგრილი დამოკიდებულება დაასახელა. ეს განცხადება ალექსანდრე ლუკაშენკომ ორშანსკის რაიონის კომპლექსური განვითარების შესახებ თათბირზე გააკეთა. ბელარუსის პრეზიდენტმა უპირველესად მრეწველობისა და მშენებლობის მინისტრების შემცვლელთა კანდიდატურების წარდგენა მოითხოვა.
„ის იჯდა, ვერ შეაკეთა სახურავი – ვერ შეასრულა პრეზიდენტის განკარგულება. ვის ჰქონდა ჩემი განკარგულებების გაუქმების უფლება? რატომ არ შეასრულეთ? რატომ არ გააკეთეთ ის, რაც ვთქვი?“ – განაცხადა ლუკაშენკომ.
მან ასევე ორშანსკის რაიონული აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის დაუყოვნებლივი გათავისუფლება მოითხოვა.
„ღმერთმა არ ქნას, აქ არ გაკეთდეს ის, რაც დასახეთ და ის, რაც დაგავალეთ“, – აღნიშნა ბელარუსის პრეზიდენტმა.