ლუკა ეხვაია - ქართული კანონპროექტი საკმაოდ დაბალ ზღვარს აწესებს, ნომინალურ ხასიათს ატარებს იმ გაგებით, რომ მხოლოდ გამჭვირვალობაზე აპელირებს, ამ ფონზეც კი პარტნიორებისგან ძალიან ხისტ კომენტარებს ვისმენთ
გამჭვირვალობის შესახებ ქართული კანონპროექტი საკმაოდ დაბალ ზღვარს აწესებს და ნომინალურ ხასიათს ატარებს იმ გაგებით, რომ მხოლოდ გამჭვირვალობაზე აპელირებს, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა ლუკა ეხვაიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა.
მისი თქმით, ამ ფონზეც კი პარტნიორებისგან ვისმენთ ძალიან ხისტ კომენტარებს.
„იმ ანალოგიურ კანონებთან შედარებით, როგორიც არის, მაგალითად, კანადაში, აშშ-ში, სინგაპურში, ისრაელში, უკრაინაში და ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში დაინიცირებული, ქართული კანონპროექტი საკმაოდ დაბალ ზღვარს აწესებს და ნომინალურ ხასიათს ატარებს იმ გაგებით, რომ მხოლოდ გამჭვირვალობაზე აპელირებს. ამ ფონზეც ჩვენ გვიწევს, დასავლეთიდან, ჩვენი პარტნიორებისგან მოვისმინოთ ძალიან ხისტი კომენტარები. პირდაპირ გვეუბნებიან, რომ დღესდღეობით რაც საფრანგეთში, ევროკავშირსა და სხვა პროგრესულ დასავლურ ქვეყნებში განიხილება, ჩვენთვის ამის ნომინალური მოდელიც კი დაუშვებელია“, – განაცხადა ლუკა ეხვაიამ.