ლუკ კოფი - თუ ნატო-ს წევრობისთვის საფასური აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის დათმობაა, მაშინ ამ საფასურის გაღება არ ღირს
შემდეგი სამიტისთვის მნიშვნელოვანია, რომ ნატო დარჩეს საქართველოს ალიანსში გაწევრიანების ერთგული. ნატომ უნდა გამონახოს გზა, რომ გაუგზავნოს ქართველ ხალხს პოლიტიკური სიგნალი, რომ ის კვლავ მნიშვნელოვანია ნატო-სთვის, – ასე ეხმაურება ნატო-ს 2018 წლის სამიტს Heritage Foundation-ის პოლიტიკური მიმომხილველი, ლუკ კოფი, რომელიც საქართველოში ნატო-საქართველოს ურთიერთობების შესახებ საკუთარი ხედვის პრეზენტაციით ჩამოვიდა.
როგორც ლუკ კოფმა პირველ არხს განუცხადა, საქართველო ნატო-სთან დაახლოების თვალსაზრისით ახლა სწორ გზაზე დგას, აშშ კი მის მხარდაჭერას განაგრძობს.
„შემდეგი სამიტისთვის მნიშვნელოვანია,რომ ნატო დარჩეს საქართველოს ალიანსში გაწევრიანების ერთგული. ნატომ უნდა გამონახოს გზა, რომ გაუგზავნოს ქართველ ხალხს პოლიტიკური სიგნალი, რომ ის კვლავ მნიშვნელოვანია ნატო-სთვის. არ მგონია, რომ MAP-ზე ან სხვა მსგავს საკითხებზე უნდა ვილაპარაკოთ, რადგან ხალხი იმედგაცრუებული დარჩება. უნდა ვკონცენტრირდეთ პრაქტიკულ ნაბიჯებზე, რაც ნატო-მ და აშშ-მა უნდა გადადგას საქართველოს ალიანსთან დაახლოებისთვის”- განაცხადა ანალიტიკოსმა.
როგორც ლუკ კოფმა აღნიშნა, საქართველოში მოხიბლა სიამაყემ და ოპტიმიზმის მუხტმა.
“რამაც საქართველოში თავიდანვე მომხიბლა, სიამაყე, ოპტიმიზმია და მუხტია, რაც ამ ქვეყანას აქვს. საქართველო არსებობდა საუკუნეების განმავლობაში, ვიდრე ნატო შეიქმნებოდა და გააგრძელებს არსებობას ნატო-ს შემდეგაც. თუ საქართველოსთვის ნატო-ს წევრობისთვის საფასური აფხაზეთისა და ოსეთის დათმობაა, მაშინ ამ საფასურის გაღება არ ღირს. ეს არაა ის, რასაც გთავაზობთ ან რაც ნატო-მ უნდა მოგთხოვოთ“, – აღნიშნავს კოფი.
ლუკ კოფი იმ ანგარიშის ავტორია, რომელმაც გასულ კვირას საქართველოს საგარეო პოლიტიკის ირგვლივ დისკუსია გამოიწვია.
ამერიკული კვლევითი ინსტიტუტმა, Heritage Foundation-ის საგარეო პოლიტიკის ცენტრმა მოამზადა პუბლიკაცია, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს ოფიციალური პირები პირად საუბრებში აცხადებენ, რომ მოხარულები იქნებიან, დათანხმდნენ ნატო-ს წევრობას კომპრომისის საფუძველზე.