ლუკ კოფი - რუსეთი, როგორსაც მას რუკაზე ვხედავთ, 10-15 წელიწადში აღარ იარსებებს
რუსეთი, როგორსაც მას დღეს რუკაზე ვხედავთ, 10-15 წელიწადში აღარ იარსებებს, – ამის შესახებ განცხადება ჰადსონის ინსტიტუტის უფროსმა მკვლევარმა, ლუკ კოფიმ „საქართველოს რადიოსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ამ ომს შეუძლია, რუსეთში ცვლილებები გამოიწვიოს და, ჩემი აზრით, ასეც მოხდება. თუმცა, არ ვფიქრობ, რომ ეს აუცილებლად დადებითი ცვლილებები იქნება. რეალობა ის არის, რომ ჩვენ არ ვიცით, რა სახის ცვლილებები მოჰყვება უკრაინაში რუსეთის დამარცხებას. ვგულისხმობ, მმართველობისა და რუსეთის მოწყობის კუთხით ცვლილებებს. მაგრამ ერთი რამ ცხადია, რომ ისეთი რუსეთი, როგორსაც რუკაზე ვხედავთ, 10-15 წელიწადში აღარ იარსებებს. რუსეთი თუ სამხედრო თვალსაზრისით დამარცხდება და პუტინი გადააყენეს, რაც, ჩემი აზრით, რეალურად შესაძლებელია, მაშინ ჩვენ, სავარაუდოდ, ვნახავთ რუსეთის ფედერაციის დაშლას. ამას მოჰყვება ამბოხებები, შესაძლოა, სამოქალაქო ომიც კი, ასევე ვიხილავთ რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შემავალი სუბიექტების მხრიდან დამოუკიდებლობის გამოცხადებისა და თვითგამორკვევის მოწოდებებს.
ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, განსაკუთრებით ეს ეხებათ ჩრდილოკავკასიელებს, რომლებიც ახლა არაპროპორციულად დიდი რაოდენობით არიან წარმოდგენილი უკრაინაში მებრძოლ რუსეთის ძალებს შორის, რაღაც პერიოდის შემდეგ სახლში ხელცარიელნი დაბრუნდებიან. მათ ექნებათ საბრძოლო გამოცდილება. ეს კი რუსეთში იმ დროისთვის არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, შესაძლოა, ძალიან საშიში კომბინაცია იყოს. თუ გავითვალისწინებთ საქართველოსთან გეოგრაფიულ სიახლოვესაც, მაშინ, ქართველი რომ ვიყო, ნამდვილად ვიქნებოდი შეშფოთებული“, – განაცხადა ლუკ კოფიმ.
ჰადსონის ინსტიტუტის უფროს მკვლევართან, ლუკ კოფისთან ინტერვიუს სრული ვერსიის მოსმენა შეგიძლიათ ლევან ახალაიას საავტორო გადაცემაში „მსოფლიოს ამბები“.