ლუკ კოფი - ქართველი ჯარისკაცები დიდი პატივისცემით სარგებლობენ როგორც აშშ-ში, ასევე ნატო-ს სხვა ქვეყნებში, ჩვენ არასდროს დავივიწყებთ მათ წვლილს და გაღებულ მსხვერპლს
თუ გვსურს, დავუკავშირდეთ ცენტრალურ აზიას, რუსეთის, ჩინეთის, პაკისტანისა და ირანის გვერდის ავლით, ეს საქართველოსა და აზერბაიჯანის გარეშე ფიზიკურად შეუძლებელია; ვიმედოვნებ, ამერიკელი პოლიტიკოსები ამაზე დაფიქრდებიან, – აღნიშნულის შესახებ „ჰერითეიჯ ფაუნდეიშენის“ საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორმა, ლუკ კოფიმ საქართველოს რადიოსთან ინტერვიუს დროს განაცხადა.
მისივე თქმით, აშშ-ისა და ავღანეთის ურთიერთობების პერსპექტივას დღეს ვერ ხედავს.
„თალიბანის მთავრობის დიპლომატიური ან თუნდაც ფორმალური აღიარება ძალიან დიდი შეცდომა იქნება. ამის ნაცვლად აშშ-ი უფრო მეტად უნდა იყოს ფოკუსირებული ცენტრალურ აზიაზე და უნდა უზრუნველყოს ჩვენი გეოპოლიტიკური ინტერესების დაცვა ამ რეგიონში, რაც ცენტრალური აზიის მთავარ სახელმწიფოებთან, უზბეკეთთან და ყაზახეთთან ორმხრივი ურთიერთობებით უნდა მოხდეს. ეს ასევე ნიშნავს, რომ აშშ-ს კარგი ურთიერთობები უნდა ჰქონდეს საქართველოსა და აზერბაიჯანთან, რადგან თუ რუკას შევხედავთ, ცხადი გახდება, რომ თუ ჩვენ გვსურს, დავუკავშირდეთ ცენტრალურ აზიას, რუსეთის, ჩინეთის, პაკისტანისა და ირანის გვერდის ავლით, ეს საქართველოსა და აზერბაიჯანის გარეშე ფიზიკურად შეუძლებელია. მე იმედი მაქვს, რომ ამერიკელი პოლიტიკოსები ამაზე აუცილებლად დაფიქრდებიან, რაც ჯერ არ ხდება, რადგან ისინი დაკავებულები არიან ქაბულის აეროპორტში არსებული კრიზისის გადაჭრით“, – აღნიშნა ლუკ კოფიმ.
რაც შეეხება ავღანეთში განვითარებულ მოვლენებს, ლუკ კოფის თქმით, პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ ადგილზე მყოფი დაზვერვა ჩავარდა და ვერ განჭვრიტა, რომ მოვლენები ასეთი სცენარით განვითარდებოდა.
„აშშ-ში თვეების განმავლობაში უკვე ყველამ ვიცოდით, რომ ავღანეთს დავტოვებდით. შოკისმომგვრელია, რომ მოსამზადებელი სამუშაოები არ ჩაუტარებიათ და შესაბამისი ნაბიჯები არ გადადგმულა, რათა მომხდარიყო იმ ავღანელების ევაკუაცია, რომლებიც წლების განმავლობაში ეხმარებოდნენ აშშ-ს. ქაბულის აეროპორტში განვითარებული მოვლენები შავი ლაქაა აშშ-ის რეპუტაციისთვის. ეს ტრაგიკული მოვლენებია, ზოგიერთი ვიდეო კი, რომელიც სოციალური ქსელებით ვრცელდება, საშინელებაა. მე ვვარაუდობ, რომ „თალიბანი“ არ გაგზავნის მებრძოლებს ქაბულის აეროპორტში, რადგან იქ იმყოფება 6 000-მდე ამერიკელი სამხედრო და 700-ზე მეტი ბრიტანელი ჯარისკაცი, ასევე ასობით თურქი სამხედრო მოსამსახურე. თალიბებს მათთან დაპირისპირება არ სურთ. მათთვის უკეთესია, რომ მსოფლიომ რაც შეიძლება დიდხანს ადევნოს თვალი ამ ქაოტურ ევაკუაციას, რათა ამერიკა კიდევ უფრო არაკომპეტენტური გამოჩნდეს. შემდეგ, როდესაც დასავლური ქვეყნების სამხედრო და სამოქალაქო პერსონალი სრულად დატოვებს ავღანეთს და აეროპორტში მხოლოდ ასობით სასოწარკვეთილი და შეშინებული ავღანელი დარჩება, სწორედ ამ დროს წაიწევს წინ „თალიბანი“ და ამ ავღანელებს სახარბიელო ბედი არ ელით. ბოლოს მინდა, ვთქვა, ქართველმა ხალხმა და საქართველოს არაერთმა მთავრობამ დიდი პატივი მიაგო საკუთარ ქვეყანას, როდესაც ქართველი სამხედროები გააგზავნა ავღანეთში. ეს სამხედროები თავდადებით იბრძოდნენ. ქართველი ჯარისკაცები დიდი პატივისცემით სარგებლობენ როგორც აშშ-ში, ასევე ნატო-ს სხვა ქვეყნებში. ჩვენ არასდროს დავივიწყებთ მათ წვლილს და მათ მიერ გაღებულ მსხვერპლს. მე თავადაც ვმსახურობდი ავღანეთში და ამიტომ განსაკუთრებით მადლობელი ვართ ქართველი ხალხის“, – განაცხადა ლუკ კოფიმ.
„ჰერითეიჯ ფაუნდეშენის“ საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორთან ინტერვიუს სრულ ვერსიას მოისმენთ პარასკევს, 20 აგვისტოს, 14:00 საათზე, საქართველოს რადიოს ეთერში, ლევან ახალაიას საავტორო გადაცემაში „მსოფლიოს ამბები“.