ლუკ კოფი - კონტრშეტევა არ დაიწყება, ვიდრე უკრაინელები ბახმუტთან ვითარების სტაბილიზაციას არ შეძლებენ
კონტრშეტევა არ დაიწყება, ვიდრე უკრაინელები ბახმუტთან ვითარების სტაბილიზაციას არ შეძლებენ, – ამის შესახებ განცხადება ჰადსონის ინსტიტუტის უფროსმა მკვლევარმა, ლუკ კოფიმ „საქართველოს რადიოსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„პროგნოზების გაკეთება რთულია, თუმცა ვფიქრობ, რომ 2023 წელს თვალყური უნდა მივადევნოთ რუსეთის მორიგ სამხედრო მობილიზაციას, რაც, სავარაუდოდ, მომავალი წლის დასაწყისში დაიწყება. ასევე არ დაგვავიწყდეს ბელარუსი. რამდენიმე კვირის წინ ვიყავი კიევში და უკრაინელები ელოდებიან ბელარუსიდან რუსეთის ახალ შეტევას. ისინი ამაში დარწმუნებული არიან და უბრალოდ არ იციან, როდის დაიწყება ეს შეტევა. ამ შემთხვევაში, ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვაა, მიიღებენ თუ არა მონაწილეობას ამ შეტევაში ბელარუსის სამხედრო ძალები. ეს კითხვა აქვთ უკრაინელებს და ისინი დაუღალავად მუშაობენ, ატარებენ საინფორმაციო კამპანიას და ცდილობენ, დაარწმუნონ ბელარუსი ხალხი, რომ ამ ომს მხარი არ დაუჭირონ. დაბოლოს, კიდევ ერთი, რასაც განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება, არის მელიტოპოლი. ვგულისხმობ ზაპოროჟიედან მელიტოპოლამდე უკრაინელების კონტრშეტევას, რომლის საშუალებითაც უკრაინელები შეეცდებიან, დაყონ რუსული ძალები და დაუბლოკონ სახმელეთო კავშირი ყირიმთან. ისინი ამ შეტევისთვის ემზადებიან და ეს თვალსაჩინოა. თუმცა, მგონია, რომ კონტრშეტევა არ დაიწყება იქამდე, ვიდრე უკრაინელები ბახმუტთან სიტუაციის სტაბილიზაციას არ შეძლებენ“, – განაცხადა კოფიმ.
ლუკ კოფის განცხადებით, როგორ დასრულდება ომი, ამის თქმა შეუძლებელია და, საბოლოო ჯამში, უკრაინელებისა და პრეზიდენტ ზელენსკის გადასაწყვეტია.
„მათ უნდა გადაწყვიტონ, როდემდე სურთ ბრძოლის გაგრძელება და ამ პერიოდში აშშ და ევროპა უკრაინას უნდა დაეხმაროს. იდეალურ სამყაროში კარგი შედეგი იქნება რუსეთის დამარცხება, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, რაც ყირიმსაც მოიცავს, რასაც შემდეგ მოჰყვება დომინოს ეფექტი, რა დროსაც რუსეთის ძალები სხვა ოკუპირებული რეგიონებიდანაც გავლენ, როგორებიცაა დნესტრისპირეთი, აფხაზეთი და ცხინვალი, შედეგად კი, მოლდოვისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება. ეს თუ მოხდება, ვვარაუდობ, რუსი ე.წ. მშვიდობისმყოფელები, რომლებიც ნელ-ნელა საოკუპაციო ძალებად იქცნენ ყარაბაღში, ასევე დატოვებენ რეგიონს. ეს იქნებოდა იდეალური ვარიანტი, თუმცა მანამდე ძალიან შორია, თუ ეს საერთოდ მოხდება. დაბოლოს, ცხადია, საქართველო, უკრაინა და მოლდოვა, მინდა, ვიხილო ნატო-სა და ევროკავშირში“, – აღნიშნა ლუკ კოფიმ.
ჰადსონის ინსტიტუტის უფროს მკვლევართან, ლუკ კოფისთან ინტერვიუს სრული ვერსიის მოსმენა შეგიძლიათ ლევან ახალაიას საავტორო გადაცემაში „მსოფლიოს ამბები“.