ლუკ დევინი - გვჯერა, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია ევროპული ღირებულებები, როგორიც არის დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ეს მისწრაფებები ერთმანეთს უნდა ემთხვეოდეს
ცხადია, რომ გასული წლის ივლისში საქართველოსთვის გარანტირებულმა ევროპულმა პერსექტივამ ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობა, რომელიც ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე დაფუძნებულ ჩვენს ხანგრძლივ თანამშრომლობას ემყარება, უფრო მჭიდრო ეტაპზე გადაიყვანა, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის წარმომადგენელმა, ლუკ დევინმა ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
დევინის თქმით, ევროკავშირი-საქართველო თანამშრომლობა ემყარება ძლიერ რეფორმებს და აახლოებს ქვეყანას ევროპულ სტანდარტებთან, პრინციპებსა და კანონმდებლობასთან.
„სამწუხაროდ, ზოგიერთი მიმართულებით ახლანდელი ქმედებები, გადაწყვეტილებები თუ განცხადებები დამაზიანებელია. სულ მცირე, ამბიციური და კონკურენტული სასამართლო სისტემის რეფორმირება, რომელმაც უნდა უზრუნველყოს დამოუკიდებლობა, ინტეგრაცია და გამჭვირვალობა ძირითად სასამართლო ინსტიტუტების, ისევე როგორც სოლიდური ელექტრონული კანონმდებლობა, არის არსებითი. ამ ყველაფერს ძალიან ახლოდან ვაკვირდებით და იმედგაცრუებულები ვართ, რომ რამდენიმე დღის წინ პარლამენტმა კანონპროექტი მიიღო ევროინსტიტუტებთან კონსულტაციის გარეშე. იმედგაცრუებული ვართ, რომ ელექტრონული საარჩევნო რეფორმა და შესწორებები, რომელიც კარგი პროგრესის მაჩვენებელი იყო, გასულ კვირას მიიღო პარლამენტმა და შეცვალა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევის წესი, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციით 100 ხმით უნდა ყოფილიყო მხარდაჭერილი, კანონი 75 ხმით დამტკიცდა, რაც მხოლოდ უმრავლესობის წევრების მიერ იქნა მხარდაჭერილი. ვფიქრობთ, ეს ეწინააღმდეგება ვენეციის კომისიის და ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს“, – განაცხადა დევინმა.
ლუკ დევინის განცხადებით, „უცხოური გავლენების შესახებ კანონპროექტი დამაზიანებელი იყო საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციისთვის“.
„რასაკვირველია, დადებითი იყო, რომ პარლამენტმა გაიწვია პროექტი და იმედი გვაქვს, რომ ეს არის ნეგატიური თავის დასასრული. მიუხედავად ამისა, გვესმის, რომ „ქართული ოცნების“ ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან გზავნილები სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ახლაც გრძელდება. მეოთხე, რასაც ახლა ვაკვირდებით და უფრო მეტად შემაშფოთებელია, არის ძლიერი ანტიდასავლური განცხადებები, რომელიც „ქართული ოცნების“ მაღალი თანამდებობის წარმომადგენლების მხრიდან მოდის და მიზანში ჰყავს საერთაშორისო პარტნიორები ან ამ პარლამენტის წარმომადგენლები. ანტიდასავლური ნარატივი თუ ანტიელჯიბიტი კომენტარები ან ის დისკუსია, რომ ქართული ღირებულებები წინააღმდეგობაში მოდის ლიბერალურ თუ ევროპულ ღირებულებთან, მხოლოდ ჩვენი რეპუტაციის საერთაშორისოდ დაზიანებას ისახავს მიზნად. ველოდებით ასევე, რომ მმართველი პარტია რიტორიკას შეცვლის ოპოზიციის წინააღმდეგ და პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებს ჩაანაცვლებს დიალოგის ჩართულობით. გვჯერა, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია ევროპული ღირებულებები, როგორიც არის თავისუფლება, დემოკრატია და კანონის უზენაესობა და ეს მისწრაფებები ერთმანეთს უნდა ემთხვეოდეს“, – განაცხადა დევინმა.
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის წარმომადგენლის თქმით, „კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც ასოცირების შეთანხმებით არის განსაზღვრული და ირღვევა, არის ევროკავშირის გადაწყვეტილებები საგარეო პოლიტიკაზე“.
„არც ახლა და არც წარსულში, როდესაც ასოცირების შეთანხმება გაფორმდა, არ გვითხოვია საქართველოსთვის, შეეწყვიტა რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობები, მინდა, ამას ხაზი გავუსვა. თუმცა, ასევე მკაფიოდ ვურჩიეთ საქართველოს, რომ არ გადაედგა ნაბიჯები, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის გადაწყვეტილებებს, მაგალითად, რუსეთთან ფრენების აღდგენა მაშინ, როდესაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო ევროკავშირი ცდილობს, რუსეთთან ფრენების შეჩერებით იზოლაციაში მოაქციოს ის. ჩვენ უარყოფითად ვაფასებთ იმას, რომ დასანქცირებული ინდივიდები დაშვებულები არიან საქართველოს ტერიტორიაზე. გვჯერა, რომ საქართველო არ უნდა იქცეს სანქციებისთვის თავის არიდების ადგილად. სამწუხაროდ, საქართველოს თანხვედრა ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან არის დაბალი, საკმაოდ დაბალიც კი. გასულ წელს იყო 44%-ზე ნაკლები, წელს მხოლოდ 28%-ია. კონტრასტისთვის, მაგალითად, სხვა ქვეყნების თავსებადობა 100%-ია“, – განაცხადა დევინმა.