ლუიზა ვინტონი - გადაწყვეტილების მიმღებ ადგილებზე საკმაოდ ცოტა ქალია, ამიტომ ის ფაქტი, რომ საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტი ეყოლება, კარგი მაგალითი იქნება
საქართველოს ამომრჩეველმა გააკეთა ძალიან მკაფიო არჩევანი და ჩვენ ველოდებით შესაძლებლობას, რომ მივულოცოთ საქართველოს პირველ ქალ პრეზიდენტს, – ამის შესახებ საქართველოში გაერო-ს ელჩმა, ლუიზა ვინტონმა განაცხადა.
ვინტონი ქალი უფლებადამცველების საერთაშორისო დღეს, კატო მიქელაძის სახელობის ქალი უფლებადამცველების დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო.
როგორც ელჩმა აღნიშნა, გადაწყვეტილების მიმღებ ადგილებში საკმაოდ ცოტა ქალია, ამიტომ, მისივე თქმით, ის ფაქტი, რომ საქართველოს ეყოლება პირველი ქალი პრეზიდენტი, ძალიან კარგი მაგალითი იქნება ახალგაზრდებისთვის.
„მნიშვნელოვანია, რომ ოფიციალური შედეგების გამოცხადებას დაველოდოთ, მანამდე, ვიდრე გავაკეთებთ რამე განცხადებას, მაგრამ, როგორც აქამდე გავრცელებული ინფორმაციით ვხედავთ, საქართველოს ამომრჩეველმა გააკეთა ძალიან მკაფიო არჩევანი და ჩვენ ველოდებით შესაძლებლობას, რომ მივულოცოთ საქართველოს პირველ ქალ პრეზიდენტს.
საქართველოში საკმაოდ ნაკლებობაა ქალებისა, რომლებიც წარმოდგენილი არიან პოლიტიკურ პოზიციებზე საქართველოს პოლიტიკაში. გადაწყვეტილების მიმღებ ადგილებში საკმაოდ ცოტა ქალია, ამიტომ უკვე მხოლოდ ის ფაქტი, რომ საქართველოს ეყოლება პირველი ქალი პრეზიდენტი, ძალიან კარგი მაგალითი იქნება ახალგაზრდა გოგონებისთვის, რომლებიც აქ არიან წარმოდგენილი და იმის მანიშნებელი იქნება მათთვის, რომ მომავალში მათაც შეუძლიათ მიაღწიონ წარმატებას პოლიტიკურ კარიერაში“,- განაცხადა ელჩმა.
ამასთან, ლუიზა ვინტონის თქმით, მისასალმებელი იყო წინასწარი მონაცემებით გამარჯვებული კანდიდატის პირველივე განცხადება, რომელშიც მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ხმას მიაწვდენს არამარტო მათ, ვინც ხმა მისცა, არამედ მათაც, ვინც არჩევნებში მხარი არ დაუჭირა.
„რაც შეეხება საკუთრივ არჩევნების ჩატარებას, როგორც ჩვენ ვხედავთ, როგორც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადებებიდან, ასევე იმ წინასწარი განცხადებებიდან, რომლებიც საერთაშორისო დამკვირვებლებმა გააკეთეს, საქართველოს ჯერაც კიდევ ბევრი, დიდი გზა აქვს გასავლელი და ბევრი გაკვეთილი აქვს სასწავლი იმისთვის, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები ნამდვილად შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს.
წინასაარჩევნო კამპანია მთლიანობაში გამოირჩეოდა ძალიან მძაფრი ნეგატიური ტონით, ამიტომ მისასალმებელი იყო წინასწარი მონაცემებით გამარჯვებული კანდიდატის პირველივე განცხადება, რომელშიც მან ხაზი გაუსვა, რომ ის თავის ხმას მიაწვდენს იმ ადამიანებსაც, რომლებმაც მათ მისცეს ხმა და ასევე, რა თქმა უნდა, იმათაც, რომლებმაც მას ხმა არ მისცეს.
რა ტქმა უნდა, ყველა არ იქნება ბოლომდე კმაყოფილი არჩევნების შედეგებით. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომ თავი შეიკავონ ძალადობისგან და ყოველთვის კონსტიტუციური წესრიგის ფარგლებში დარჩნენ“,- განაცხადა საქართველოში გაეროს ელჩმა.