ლუგანსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთი სევეროდონეცკში ტოტალური განადგურების ტაქტიკას იყენებს
ლუგანსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის თქმით, რუსეთი სევეროდონეცკში ტოტალური განადგურების ტაქტიკას იყენებს.
აღნიშნულის შესახებ სერგეი გაიდაიმ სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეომიმართვისას განაცხადა.
„ჩვენ გვაქვს რთული ვითარება, რადგან რუსეთის არმიამ ახლა მთელი თავისი ძალები ლუგანსკის ოლქის დასაკავებლად მიმართა. მათ აქვთ დიდი მიზანი და სტრატეგიული გეგმა – მივიდნენ ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვრებამდე. ხვალ, 24 მაისს, უკვე სამი თვე გახდება უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან, ასე რომ, რუსი დამპყრობლები სამი თვის განმავლობაში ვერ გადიან ლუგანსკის რეგიონის საკმაოდ მცირე ტერიტორიას. ისინი ახლა გადავიდნენ საყვარელ ტაქტიკაზე – უბრალოდ ანადგურებენ ყველაფერს – ახლა სევეროდონეცკი განიცდის ასეთ ტოტალურ განადგურებას“, – განაცხადა გაიდაიმ.
მან ასევე აღნიშნა, რომ მტრის მხარეს იბრძვიან მოღალატეები ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკიდან, რომლებიც კარგად იცნობენ ტერიტორიას.
მისი თქმით, მათ იციან ყველა გზა და ხიდი და იციან, რომ სევეროდონეცკისკენ მხოლოდ ერთი გზა დარჩა, რომელიც გამუდმებით იბომბება, რაც ართულებს ევაკუაციას და ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდებას.