ლუგანსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ქალაქ სევეროდონეცკის 70 პროცენტზე კონტროლი მოიპოვეს
რუსულმა ძალებმა ლუგანსკის ოლქის ქალაქ სევეროდონეცკის 70 პროცენტზე კონტროლი მოიპოვეს. ამის შესახებ მედია ლუგანსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ სერგეი გაიდაიზე დაყრდნობით წერს.
ამასთან, უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ოკუპანტები ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში იმყოფებიან, დონეცკის ოლქში, სლავიანსკის მიმართულებით კი, მტერი საარტილერიო ცეცხლს დასახლებული პუნქტებისკენ ხსნის.
რუსულმა ძალებმა იერიში წამოიწყეს დოვგენსკისა და დიბროვნის მიმართულებითაც, თუმცა როგორც გენშტაბში აცხადებენ, დანაკარგები განიცადეს და უკან დაიხიეს.
რაც შეეხება ბახმუტის მხარეს, გავრცელებული ინფორმაციით, რუსული ძალები ცდილობენ, შტურმით აიღონ დასახლებული პუნქტი კამიშევახი, თუმცა ჯერჯერობით მათი მცდელობა წარუმატებელია.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ანდრეი იერმაკის განცხადებით კი, ომის დაწყებიდან ქვეყნისთვის მიყენებული ზარალის ოდენობა 600 მილიარდ დოლარს აღემატება.