ლორთქიფანიძის ქუჩის N10-ის მცხოვრებლები საკუთარ სახლებს დაუბრუნდნენ
ვაკის რაიონში, ლორთქიფანიძის ქუჩის N10-ის მცხოვრებლები საკუთარ სახლებს დაუბრუნდნენ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ფერდი, რომელიც საფრთხეს წარმოადგენდა, გამაგრებულია და მისი ჩამოშლის საფრთხე აღარ არსებობს.
„შეგახსენებთ, რომ ლორთქიფანიძის N10-ში მდებარე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოებისას, ფერდი ჩამოიშალა და ადგილობრივი მცხოვრებლების გაყვანა ვაკის გამგეობას ქირით მოუწია. ნახევარი წლის განმავლობაში, გამგეობა ქირით 65 ოჯახს უზრუნველყოფდა. გამაგრების სამუშაოები დასრულებულია და ფერდის ჩამოშლის საფრთხე აღარ არსებობს. ამის შესახებ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა არსებობს, რაც მოსახლეობას გავაცანით“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცეც მოეწყობა.
„როგორც ადგილობრივ მოსახლეობას დავპირდით, კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცე მოეწყობა. ამჟამად, მისი პროექტირება მიმდინარეობს, რის შემდეგაც, ლორთქიფანიძის N10-ში სკვერი მოეწყობა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის შესაბამისად, ლორთქიფანიძის N28-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე დაზიანებული ფერდის გამაგრების სამუშაოები შეესაბამება შპს „კავტრანსპროექტის“ მიერ მომზადებულ პროექტს. შესწავლის შემდეგ დადგინდა, რომ ფერდის ზონაში მოწყობილია არმირებული ბეტონის საბჯენები, ფერდის ზედა ნაწილზე კი დამონტაჟებულია არმატურის ბადე და ორ რიგად სადრენაჟე მილები. კორპუსის მცხოვრებთა შესახლებისას, ადგილზე ჩაირთო ყველა კომუნიკაცია, რომელიც შემოწმდა კომპანიების – „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP),„თბილისი ენერჯისა“ და „თელასის“ წარმომადგენლების მიერ. ვაკის რაიონის გამგეობა მოსახლეობასთან კომუნიკაციას ამჟამადაც განაგრძობს.