ლორენს მერედიტმა და კარლ ჰარცელმა იმერეთის რეგიონსა და ქობულეთში ევროკავშირის პროექტები დაათვალიერეს, რის შემდეგაც ბათუმში გაემგზავრნენ
ევროკომისიის აღმოსავლეთ სამეზობლოსთან ურთიერთობისა და ინსტიტუციური მშენებლობის დირექტორატის ხელმძღვანელი ლორენს მერედიტი და საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი დღეს ბათუმს ეწვივნენ, რათა ხაზი გაუსვან ევროკავშირის მიერ რეგიონის მხარდაჭერას და შავი ზღვით კავშირების განმტკიცების მნიშვნელობას.
ევროკომისიის აღმოსავლეთ სამეზობლოსთან ურთიერთობისა და ინსტიტუციური მშენებლობის დირექტორატის ხელმძღვანელის განცხადებით, ეს ვიზიტი იქნება ევროკავშირის მიერ რეგიონის მხარდაჭერა და შავი ზღვით კავშირების განმტკიცების მნიშვნელობის ხაზგასმა.
„ძალიან მიხარია, რომ ჩვენ იმერეთიდან აჭარისკენ მივემგზავრებით. რატომ ავირჩიეთ ეს გზა? იმიტომ, რომ ხელს ვუწყობთ კავშირების განვითარებას შავი ზღვის საშუალებით. პირველი, ეს არის სატრანსპორტო კავშირი, რომელიც ადამიანებს ფიზიკურად აახლოებს, ხოლო მეორე – ციფრული კავშირი, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით, რაც 21-ე საუკუნეში აუცილებელია. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებია მწვანე და ციფრული უნარ-ჩვევები. მიხარია, რომ საქართველოს მთავრობასთან და ევროკავშირთან, აგრეთვე ჩვენს პარტნიორებთან – ევროპის საინვესტიციო ბანკთან და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ერთად, ჩვენ შევძლებთ საქართველოს მოქალაქეებისათვის რეალური სარგებლის მოტანას“, – განაცხადა მერედიტმა.
მანამდე კი ევროკავშირის წარმომადგენლებმა ევროკავშირის პროექტები იმერეთსა და ქობულეთის მუნიციპალიტეტში დაათვალიერეს.
ლორენს მერედიტი და კარლ ჰარცელი ესტუმრნენ ახალგაზრდა ქალი მეწარმის, ბაია აბულაძის საწარმოს „ბაიას ღვინოს“, რომელიც იმერეთში, სოფელ ობჩაში მდებარეობს. სტუმრებმა დაათვალიერეს ვენახი, საოჯახო მარანი და გაეცნენ ღვინის დაყენების ტრადიციულ მეთოდებს.
ბაიამ სამეწარმეო მხარდაჭერა არაფორმალური განათლების, კონტაქტების დამყარების, გაყიდვებისა და პროდუქციის პოპულარიზაციის სფეროებში მიიღო. ევროკავშირის EU4Business ინიციატივის დახმარებით, მან გაიარა უნარ-ჩვევების გაძლიერების ტრენინგი, მონაწილეობა მიიღო კონფერენციებში, გამოფენებში, ჩაერთო სხვადასხვა ქსელებსა და ექსპორტის ხელშეწყობის ღონისძიებებში ევროპისა და მსოფლიოს მასშტაბით. ამჟამად „ბაიას ღვინო“ წელიწადში 18 000 ბოთლ ღვინოს აწარმოებს და ექსპორტზე გააქვს ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის ავსტრიაში, გერმანიაში, ნიდერლანდებში, საფრანგეთში, დანიაში, შვედეთში, ნორვეგიაში და სხვა.
ვიზიტის ფარგლებში, ლორენს მერედიტი და კარლ ჰარცელი ქობულეთის მუნიციპალიტეტის პატარა სოფელ ზენითს ესტუმრნენ. ევროკავშირის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის ფარგლებში და ევროპის საინვესტიციო ბანკთან (EIB) თანამშრომლობით, ევროკავშირი, ზენითის მსგავს სოფლად მცხოვრებ 1 000 თემს მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე წვდომაში დაეხმარება. დირექტორი მერედიტი და ელჩი ჰარცელი შეხვდნენ მუნიციპალიტეტის წარმომადგენელს და პროექტის ინიციატორს და დაგეგმილი სამუშაოების მოსალოდნელ შედეგებზე ისაუბრეს.
ვიზიტის პირველი დღე დასრულდა ციხისძირში, ქობულეთის მუნიციპალიტეტში. დირექტორი მერედიტი და ელჩი ჰარცელი ეწვივნენ ადგილობრივ რესტორანს „შუქურა“, რომელსაც „აჭარა ჯგუფი“ მართავს. რესტორანში ახლახანს ხუთი სმენის არმქონე ახალგაზრდა დასაქმდა. მათ ეს შესაძლებლობა ევროკავშირის Skills4Jobs პროგრამის ფარგლებში ორგანიზებული ბათუმის დასაქმების ფორუმის დახმარებით მიეცათ.
კარლ ჰარცელის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, ესაუბრათ დასაქმებასა და დასაქმებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებთან დაკავშირებულ საკითხებზე, რომელზეც ევროკავშირი ბოლო ორი წელია, ინტენსიურად მუშაობს.
„ერთ-ერთი ადგილი, რომელიც ჩვენ მოვინახულეთ, არის „ბაიას ღვინო“. ეს საწარმო კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ ვმუშაობთ ჩვენ საქართველოში, იქნება ეს სტარტაპებისა და მცირე და საშუალო ზომის საწარმოების მხარდაჭერა, თუ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით შექმნილი შესაძლებლობების გამოყენება. გარდა ამისა, ჩვენ გვინდა, რომ ქალმა მეწარმეებმა შეძლონ შესაძლებლობების გამოყენება, რომლებსაც ისინი იმსახურებენ. ჩვენ ასევე გვქონდა შესაძლებლობა, გვესაუბრა დასაქმებასა და დასაქმებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებთან დაკავშირებულ საკითხებზე. ამ თემებზე ჩვენ ბოლო ერთი-ორი წელია, ინტენსიურად ვმუშაობთ. გვქონდა საუბრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დამსაქმებლებთან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რათა საქართველოს განვითარება ინკლუზიურად, ყველა მოქალაქისთვის თანაბრად მოხდეს“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.