ლორა თორნტონი - მოსახლეობის დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება
ენდიაის საქართველოს ოფისის დირექტორი ლორა თორნტონი აცხადებს, რომ კვლევის პოლიტიკურ ნაწილში მოსახლეობამ პოლიტიკოსები უარყოფითად შეაფასა.
მისივე თქმით, კვლევის მიხედვით, მოსახლეობის დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება და აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალია, რაც ბოლო 10 წლის მანძილზე კვლევებში დაფიქსირებულა.
„იგივე შეიძლება ითქვას ხელისუფლებისა და სხვადასხვა ინსტიტუტის შეფასებაზე. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ინსტიტუტის შეფასება მოსახლეობის მხრიდან საკმაოდ ნეგატიურია, თუმცა გამონაკლისები არსებობს“, – განაცხადა თორნტონმა.
ლორა თორნტომა ასევე ისაუბრა პოლიტიკოსებისადმი დადებით დამოკიდებულებაზე. პოლიტიკოსებისადმი დადებითი დამოკიდებულების რეიტინგში პირველ და მეორე ადგილზე დავით სერგეენკო და კახა კალაძე არიან.
„დავით სერგეენკოს შემთხვევაში, შეფასება საკმაოდ დადებითია ისევე, როგორც თბილისის მერის. მის საქმიანობას სხვებთან შედარებით დადებითად აფასებენ, თუმცა პარლამენტისა და სპიკერის შეფასებაზე იგივეს ვერ ვიტყვით. ამასთან, რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, მას მხარს ოდნავ მეტი ადამიანი უჭერს, ვიდრე „ნაციონალურ მოძრაობას“, რაც ორი დღის წინ აისახა კიდეც არჩევნების შედეგებში“, – აღნიშნა თორნტონმა.
ლორა თორნტონის განცხადებით, 2020 წელს წარმატების მისაღწევად პოლიტიკოსებს გამჭირვალე, პოზიტიური და ინკლუზიური პოლიტიკა და დაპირებების შესრულება სჭირდებათ.
როგორც ხედავთ, მოსახლეობის დიდი ნაწილი პოლიტიკოსებზე, ლიდერებსა და სხვადასხვა ინსტიტუტზე ამბობს, რომ ეს ინსტიტუტები საზოგადოებას უფრო ხლეჩენ, ვიდრე აერთიანებენ, რაც საკმაოდ ნეგატიური სურათია. რაც შეეხება იმ ინსტიტუციას, ეკლესიას, რომელიც მოსახლეობის აზრით, საზოგადოებას აერთიანებს, ალბათ ამიტომაც არის, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი გვეუბნება, რომ ეკლესიას გარკვეული გავლენა უნდა ჰქონდეს პოლიტიკურ პროცესებზე“, – განაცხადა ლორა თორნტონმა.
ამასთან, რაც შეეხება ინდივიდუალურ, პოზიტიურ და ნეგატიურ შეფასებებს, კვლევის მიხედვით, მოსახლეობას ბიძინა ივანიშვილსა და მიხეილ სააკაშვილზე მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიციები აქვს.
„არის ადამიანების ჯგუფი, ვინც ივანიშვილს ძალიან დადებითად ან უარყოფითად აფასებს. მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილს დადებითად აფასებენ, ამავდროულად მისი უარყოფითი შეფასება საკმაოდ მაღალ მაჩვენებელზეა. მათი შეფასება კვლავ მიუთითებს იმას, რომ მოსახლეობა ამ ეტაპზე პოლიტიკურად ძალიან პოლარიზებულია“, – განაცხადა ლორა თორნტონმა.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და CRRC-საქართველო 2019 წლის აპრილში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მეორე ნაწილი წარადგინა.
აღნიშნული კვლევა, 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,927 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).
კვლევა ასევე წარმომადგენლობითია აზერბაიჯანული და სომხური დასახლებებისთვის. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.3 პროცენტი.