ლორა თორნტონი - ახალი მეთოდით კვლევაში „პასუხზე უარის“ მაჩვენებელი გაზრდილია, რადგან უფროსი ასაკის ადამიანები უარს ამბობენ პლანშეტის გამოყენებაზე
ამერიკის „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) საქართველოს ოფისის დირექტორმა, ლორა თორნტონმა განმარტება გააკეთა ახალ მეთოდზე, რომელიც 2019 წლის 19 ნოემბერი-13 დეკემბრის პერიოდში ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის კვლევაში, პარტიების მხარდაჭერის ნაწილში იყო გამოყენებული.
კერძოდ, რესპონდენტს გადაეცა პლანშეტი და კითხვაზე პასუხი თავად მონიშნა.
კვლევის თანახმად, გამოკითხულთა მხრიდან „პასუხზე უარის“ მაჩვენებელი გაზრდილია.
ლორა თორნტონის განცხადებით, კვლევის სამუშაოების ჩამტარებელი ორგანიზაცია ამას ხსნის იმით, რომ უფროსი ასაკის ადამიანები უარს ამბობენ პლანშეტის გამოყენებაზე.
ამასთან, თორნტონის თქმით, ახალი მეთოდის გამოყენებამ კიდევ რამდენიმე საინტერესო ფაქტი გამოკვეთა.
„რაც შეეხება ახალ მეთოდს, რისი მეშვეობითაც პარტიების მხარდაჭერისა და მომავალ არჩევნებში პარტიებისთვის ხმის მიცემის შესახებ კითხვა დავსვით, ყოველთვის ვცდილობთ, კითხვების ფორმულირება იქნება თუ სხვადასხვა მეთოდოლოგიური მიდგომა, დავხვეწოთ და გავაუმჯობესოთ, განსაკუთრებით ჩვენი პარტნიორების მოთხოვნის შემდეგ. ძალიან ბევრმა პარტნიორმა ჩვენთან გააჟღერა მოსაზრება იმის შესახებ, რომ ჩვენი ინტერვიუები პირისპირ მეთოდით ტარდება. შესაძლოა, ზოგიერთი ადამიანი, ამა თუ იმ მიზეზის გამო, არ გრძნობს თავს კომფორტულად, პირდაპირ უთხრას უცხო ადამიანს, თუ რომელ პარტიას მისცემს ხმას ან რომელი პარტია დგას მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს. გავითვალისწინეთ რა ეს უკუკავშირი პარტნიორებისგან, გავაკეთეთ ასეთი რამ – ჩვენი რესპონდენტები გავყავით ორ წარმომადგენლობით ჯგუფად. ერთ ჯგუფს დავუსვით კითხვა ძველებურად, რათა შედარების საშუალება გვქონოდა, ხოლო მეორე ჯგუფს დავუსვით ახალი მეთოდით. მთავარი განსხვავება იყო ის, რომ ნაცვლად იმისა, რესპონდენტს მოესმინა კითხვა ინტერვიუერისგან და ისე გაეცა პასუხი, ინტერვიუერი პლანშეტს აწვდიდა რესპონდენტს, რომელიც თავად კითხულობდა კითხვას, თავად ხედავდა პასუხებს, თავად აჭერდა ხელს პასუხს და შემდეგ უბრუნებდა ინტერვიუერს პლანშეტს. ამ მეთოდის გამოყენებით, რამდენიმე საინტერესო რამ გავიგეთ. უპირველესად, ის, რომ ოდნავ შემცირდა იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც ამბობენ, რომ არცერთი პარტია არ დგას მის შეხედულებებთან ახლოს. ეს შემცირება ძირითადად აისახა შედარებით დაბალი მხარდაჭერის მქონე პარტიებზე. ორი ყველაზე მსხვილი მხარდაჭერის მქონე პარტიაზე – „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ფაქტობრივად არანაირი სხვაობა არ მიგვიღია, თუმცა რაც შეეხება „ლეიბორისტულ მოძრაობას“, ასევე, მაგალითად, პარტია „ახალ საქართველოს“, ახალი მეთოდით მათი მონაცემები საგრძნობლად გაიზარდა ძველ მეთოდთან შედარებით. რაც შეეხება მომავალ არჩევნებში ხმის მიცემის შესახებ კითხვას, ასევე მნიშვნელოვანი ზრდა შეინიშნებოდა „ევროპული საქართველოს“ მხარდამჭერებში. ჩვენ, რა თქმა უნდა, გავითვალისწინებთ ამ საკუთარ გამოცდილებას და ერთი, რასაც შენიშნავთ, ახალ მეთოდში „უარი პასუხზე“ არის გაზრდილი. როგორც ჩვენმა პარტნიორმა „სიარარსიმ“ აგვიხსნა, ეს არის იმის გამო, რომ უფროსი ასაკის ადამიანები უარს ამბობენ პლანშეტის გამორთმევაზე, რადგან კომფორტულად არ გრძნობენ თავს, ვინაიდან არ იციან ახალ ტექნოლოგიებთან მუშაობა“, – განაცხადა ლორა თორნტონმა.