შენობასთან, სადაც ბრიტანეთში აშშ-ის საელჩო უნდა განთავსდეს, ტრამპის ცვილის ფიგურა დადგეს (ფოტო)
„მადამ ტიუსოს“ მუზეუმმა ლონდონში, იმ შენობის წინ, სადაც აშშ-ის საელჩო უნდა განთავსდეს, დონალდ ტრამპის ცვილის ფიგურა მას შემდეგ განათავსა, რაც დონალდ ტრამპმა დიდ ბრიტანეთში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა. მუზეუმის ადმინისტრაციამ ფოტოები სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გაავრცელა.
„ტრამპმა გააუქმა ვიზიტი, ამიტომ ჩვენ ჩავერიეთ! რა თქმა უნდა, ეს საელჩოს თანამშრომლებისთვის მოულოდნელი იყო“, – დაწერეს მუზეუმის წარმომადგენლებმა „ტვიტერში“.
ტრამპი ლონდონში თებერვალში, აშშ-ის საელჩოს ახალი შენობის გახსნაზე უნდა ჩასულიყო. ვიზიტის გაუქმების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა მიკრობლოგ „ტვიტერზე“ თავადვე დაწერა და ვიზიტის გაუქმების მიზეზიც განმარტა.
„ლონდონში ვიზიტის გაუქმების მიზეზი ის არის, რომ არ ვარ აღფრთოვანებული ობამას ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, გროშებად გაეყიდათ ლონდონში საუკეთესო ტერიტორია მხოლოდ იმიტომ, რომ გარეუბანში 1,2 მილიარდ დოლარად ახალი შენობა აეშენებინათ. ცუდი გარიგებაა. უნდოდათ, რომ წითელი ლენტი მე გამეჭრა? – არა!“- წერს პრეზიდენტი.
პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ დონალდ ტრამპი ბრიტანეთში თავადვე მიიპატიჟა.
ბრიტანული მედია წერს, რომ დონალდ ტრამპმა ლონდონში ვიზიტი საპროტესტო აქციების შიშის გამო გააუქმა. დიდი ბრიტანეთის დედაქალაქის მერმა განაცხადა, რომ ის ტრამპის გადაწყვეტილებას მიესალმება. სადიკ ხანის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა მიიღო სიგნალი, რომ ლონდონელების დიდი ნაწილი მის პოლიტიკას არ ეთანხმება.
„ეჭვგარეშეა, ვიზიტი მასობრივ სამშვიდობო აქციებს გამოიწვევდა“, – აღნიშნა ლონდონის მერმა.
დიდ ბრიტანეთში დონალდ ტრამპის ვიზიტის წინააღმდეგ პეტიციამ 1,8 მილიონი ხელმოწერა დააგროვა.