ლონდონში, ქართული ფილმების ფესტივალზე ეროვნულ არქივში დაცული აფიშები გამოიფინა
ქართული ფილმების მეხუთე კინოფესტივალზე, Georgia 100 – A Film Fest Feast, რომელიც დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში გაიხსნა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დაცული კინოპლაკატების კოლექცია გამოიფინა.
ეროვნული არქივის ინფორმაციით, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ფესტივალის ორგანიზატორები არიან საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, ორგანიზაციები – Life Though Cinema და British-Georgian Society.
ამასთან, ფესტივალის ფარგლებში ნაჩვენები იქნება თანამედროვე ქართული ფილმები და ქართული კინოკლასიკა. ამასთან, 4 დეკემბერს მაყურებელი იხილავს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის კინოქრონიკას, რომელიც ეროვნულ არქივშია დაცული.
ეროვნულ არქივთან პარტნიორობით მოწყობილ ქართული კინოპლაკატების გამოფენაზე წარმოდგენილია 30-80-იანი წლების ქართული მხატვრული ფილმების აფიშები.
ფესტივალის ფარგლებში იგეგმება ინგლისურ-ქართული პუბლიკაცია, რომელშიც ამ აფიშების რეპროდუქციები დაიბეჭდება.