ლონდონში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 65-ე პლენარული სესია გაიხსნა
ლონდონში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 65-ე პლენარული სესია გაიხსნა

ლონდონში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 65-ე პლენარული სესია გაიხსნა. ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტები სამი დღის განმავლობაში იმსჯელებენ ორგანიზაციის სამომავლო ნაბიჯებზე.

ხუთი კომიტეტის ფარგლებში – სამოქალაქო უსაფრთხოების, თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკისა და უსაფრთხოების, პოლიტიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების კომიტეტებზე ასამბლეის მიერ მომზადებულ რეზოლუციებსა და დადგენილებს დაამტკიცებენ.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაში საქართველოს დელეგაციაც მონაწილეობს.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, საქართველოს პარლამენტის წევრები ამჟამად პოლიტიკის კომიტეტის სხდომას ესწრებიან, სადაც განსახილველ ერთ-ერთ რეზოლუციაში საქართველოზეც არის საუბარი.

ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციის წარმომადგენლის, ჯერალდ კონოლის მიერ მომზადებულ რეზოლუციაში, მე-17 მუხლში საუბარია იმაზე, რომ ნატო-სთვის კვლავ გამოწვევად რჩება აგრესიული რუსეთი.

„რუსეთი თავს დაესხა თავის მეზობლებს – 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ ომი, საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია, ყირიმის ძალისმიერი და უკანონო ანექსია, აღმოსავლეთ უკრაინაში შეჭრა, მოლდოვის რესპუბლიკის ნაწილის ოკუპაცია, კვლავაც ეჭვგარეშე გახადა კოლექტიური თავდაცვისა საჭიროება ნატო-სთვის“, – აღნიშნულია რეზოლუციაში.

საქართველოს შესახებ საუბარია რეზოლუციის 42 მუხლშიც.

„ალიანსმა უნდა განაგრძოს აღმოსავლეთით, მისი პარტნიორების – უკრაინისა და საქართველოს მხარდაჭერა, განსაკუთრებით რუსეთის უნებართვო შეჭრის გათვალისწინებით და გაამხნევოს ისინი. მონტენეგროსა და მაკედონიის წევრობა ძლიერი მესიჯია. ნატო უარყოფს რუსეთის ვეტოს იმ ქვეყნებთან დაკავშირებით, რომლებსაც ალიანსის წევრობა სურთ. 2008 წელს ალიანსის წევრები შეთანხმდნენ, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. საქართველოს აქვს პრაქტიკული მექანიზმები წევრობისთვის მოსამზადებლად, როგორიც არის ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, ეროვნული ყოველწლიური პროგრამა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი. არსებითი კონტრიბუციით, ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობითა და შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერებაში ნატო-სთან ერთობლივი მცდელობებით საქართველო შესანიშნავ როლს ასრულებს საერთო ევრო-ატლანტიკურ უსაფრთხოებაში. ალიანსმა უნდა გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა მისი წევრობის პროცესში,“- აღნიშნულია რეზოლუციაში, რომელსაც პოლიტიკურ კომიტეტზე განიხილავენ.

საპარლამენტო ასამბლეა არის ორგანიზაცია, რომელიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 29 წევრი ქვეყნის პარლამენტის წევრებს, 12 ასოცირებული წევრის დეპუტატებს, ევროპარლამენტისა და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს აერთიანებს. მათ შორის არის საქართველო, როგორც ნატო-ს ასოცირებული წევრი.

საქართველო ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეას 1999 წლიდან შეუერთდა, 2008 წლის ომის შემდეგ კი ინსტიტუციონალური ურთიერთობების კიდევ უფრო გასაძლიერებლად ნატო-საქართველოს საპარლამენტთაშორისო საბჭო შეიქმნა.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 65-ე სესია ლონდონში იმართება, დეკემბერში ორგანიზაციის საიუბილეო 70 წლის ღონისძიებები ასევე ლონდონში ჩატარდება. ინგლისის დედაქალაქი სიმბოლურად არის შერჩეული. ნატო-ს პირველი შტაბბინა სწორედ ლონდონში იყო განთავსებული.