ლონდონში გალაკტიონ ტაბიძის ინგლისურენოვანი კრებულის Discover Galaktion-ის პრეზენტაცია გაიმართა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, ინესა მერაბიშვილის მიერ თარგმნილი გალაკტიონის ლექსების კრებული გამომცემლობა CCCPress (Critical, Cultural and Communication Press)-მა დაბეჭდა.
ინგლისურ ენაზე გამოცემული გალაკტიონის ახალი წიგნი უკვე განთავსდა Amazon-ზე და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული მკითხველისთვის. წიგნი 215 გვერდიანია და გალაკტიონის 60 ლექსს აერთიანებს. კრებულს თან ახლავს მთარგმნელის ვრცელი შესავალი და კომენტარები, ასევე პოეტის არქივში დაცული ფოტო და ხელნაწერი დოკუმენტების ასლები.
გალაკტიონის წიგნის წარდგინება ლონდონის ბრიტანეთისა და საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს მიეძღვნა, რომელსაც საქართველოში ბრიტანეთის ყოფილი ელჩი დონალდ მაკლარენი დაესწრო.
„მოხარული ვარ რომ დავესწარი ამ ღონისძიებას. მნიშვნელოვანია ორი ქვეყნის კულტურას შორის ასეთი ხიდის არსებობა. ამ საღამოზე ბევრი გავიგეთ ქართველი პოეტის შემოქმედების შესახებ. როდესაც გალაქტიონის ჩანაწერი გაისმა, რითმის უკეთესი შეგრძნების შესაძლებლობა მოგვეცა“, – განაცხადა დონალდ მაკლარენმა.
პროფესორი ინესა მერაბიშვილი 13 წელია ინგლისურ ენაზე თარგმნის გალაკტიონს, რომელიც ქართულმა და ბრიტანულმა გამომცემლობებმა 2005 და 2011 წელს დაბეჭდეს.