ლონდონში, ანტიკორუფციული გამოძიების ფარგლებში, 100 მილიონი დოლარის ღირებულების უძრავი ქონება დააყადაღეს.
როგორც „ბიბისი“ იუწყება, ქონების მეპატრონე წარმომავლობით ყოფილი საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი ქვეყნიდანაა. მისი ვინაობა არ სახელდება. ქონების დაყადაღების გადაწყვეტილება ლონდონის უმაღლესმა სასამართლომ მიიღო. ახლა მფლობელს მოუწევს ამტკიცოს, რომ ეს ქონება მას ლეგალური შემოსავლით აქვს ნაყიდი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ქონებას ჩამოართმევენ.
დიდ ბრიტანეთში ფულის გათეთრებასა და კორუფციასთან ბრძოლა შარშან წამოიწყეს. პირველი, ვისი ქონებაც ამ კამპანიის ფარგლებში დააყადაღეს, ზამირა გაჯიევა გახდა, რომელიც აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკის ყოფილი უფროსის მეუღლეა. ლონდონის სასამართლომ გამოძიების ფარგლებში გაჯიევას კუთვნილი მრავალმილიონიანი ქონება დააყადაღა.
დღეს ბრიტანულმა პრესამ გაასაჯაროვა გაჯიევას საქმეში მოყვანილი ქვითრები, რაც გაჯიევას მიერ ლონდონის სუპერმარკეტში მილიონობით გირვანქა სტერლინგის დახარჯვის ფაქტს ადასტურებს.
თავად გაჯიევა და მისი მეუღლე ამტკიცებენ, რომ ქონება კანონიერი გზით მიღებული შემოსავლებით აქვთ ნაყიდი.