ლონდონის ქართული ფილმების ფესტივალზე ლევან კოღუაშვილის „გოგიტას ახალი ცხოვრების“ ჩვენება გაიმართა
ლონდონში ქართული ფილმების რიგით მეხუთე ფესტივალი – „კინოში ასახული ცხოვრება“ (Life Through Cinema) მიმდინარეობს, რომელიც პრესტიჟულ კინოთეატრ – Regent Street Cinema-ში იმართება. ფესტივალი საქართველოს დამოუკიდებლობისა და პირველი ქართული დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ტარდება.
დღეს ლევან კოღუაშვილის ფილმის „გოგიტას ახალი ცხოვრება“ ჩვენება გაიმართა. ფილმი 14 წლიანი სასჯელის მოხდის შემდეგ ციხიდან გამოსული ადამიანის ცხოვრებას ეხება.
კინოფესტივალის ფარგლებში, ბრიტანელ მაყურებელს საშუალება აქვს, გაეცნოს თანამედროვე ქართული კინოს მხატვრულ, დოკუმენტურ და მოკლემეტრაჟიან ფილმებს, ქართული კინო კლასიკისა და ძველი შედევრების აღდგენილ ნიმუშებს. ფესტივალის ფარგლებში შედგება რამდენიმე მსოფლიო და ბრიტანული პრემიერა.
ფილმების ჩვენების გარდა, დაგეგმილია თემატური დისკუსიები კინოფესტივალის ფარგლებში ლონდონში მყოფი ცნობილი ქართველი კინორეჟისორებისა და მსახიობების მონაწილეობით. გარდა ამისა, ცალკეული ღონისძიებები მიეძღვნება ქართულ ღვინოსა და სამზარეულოს, ქართული ხალხური სიმღერების თანხლებით.