ლონდონის მეტროში ტერაქტის მოწყობაში ბრალდებულს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს
დიდ ბრიტანეთში ერაყელ ლტოლვილს, აჰმედ ჰასანს, ლონდონის მეტროში ტერაქტის განხორციელებისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.
ლონდონის სისხლის სამართლის ცენტრალური სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებული ხელნაკეთი ბომბის საშუალებით ცდილობდა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოეკლა.
18 წლის ერაყელის თქმით, მას არ სურდა, ვინმე დაზარალებულიყო. თავის ქმედებებს ის სტრესით ხსნიდა. მისი მტკიცებით, ერაყში ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა გაიტაცეს და ექსტრემისტების ბანაკში მომზადების გავლა აიძულეს.
ჰასანს ვადამდელი გათავისუფლების შესაძლებლობა მხოლოდ 34 წლის შემდეგ ექნება.
18 წლის აჰმედ ჰასანი დიდ ბრიტანეთში იყო გაშვილებული. ის, ლონდონის მახლობლად, კოლეჯში სწავლობდა.
2017 წლის 15 სექტემბერს ლონდონის მეტროსადგურ „პარსონ გრინში” ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა, რის შედეგადაც 30 ადამიანი დაშავდა.
შემთხვევას ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.