ლონდონის ღვინის საერთაშორისო გამოფენაში ქართული ღვინის მარნები მონაწილეობდნენ
ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში ბუნებრივი ღვინის საერთაშორისო გამოფენა Real Wine Fair-ი გაიმართა, რომელშიც ქართული ღვინის მწარმოებელი შვიდი კომპანია მონაწილეობდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოფენა Real Wine Fair-ი ყოველწლიურად იმართება და ბუნებრივი მეღვინეობის სფეროში წლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად არის მიჩნეული.
„ღონისძიებას მსოფლიოში ცნობილი ნატურალისტი მეღვინეები, ღვინის იმპორტიორები, მედიის წარმომადგენლები და სომელიეები ესწრებიან. გამომდინარე აქედან, London Wine Fair-ი წარმოადგენს მნიშვნელოვან შესაძლებლობას ქვევრის ღვინის მწარმოებლებისთვის ახალი სავაჭრო პარტნიორების მოძიების, პროდუქციის პოპულარიზაციისა და ექსპორტის გაზრდის კუთხით.
მიმდინარე წელს გამოფენაში მსოფლიოს 20 ქვეყნის ბუნებრივი ღვინის მწარმოებლები მონაწილეობდნენ, მათ შორის ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი, პორტუგალია, აშშ, გერმანია და სხვა.
დიდი ბრიტანეთი ქართული ღვინისთვის ერთ-ერთი სტრატეგიული საექსპორტო ბაზარია და, შესაბამისად, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიება აქტიურად ხორციელდება“, – აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაში.